დღეს, 17 თებერვალს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა,ილია მეორემ მამალაძის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძეა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ძმის მდგომარეობა ამ დროისთვის, კრიტიკულია და ინსულტის განმეორების შემთხვევაში, მისი სიცოცლე დიდი რისკის ქვეშ დადგება.
“ჩემი ძმის ჯანრმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგანაც განმეორების შემთხვევაში, სავალალო მდგომარეობა დადგება. ჩემი ძმა სასაულიერო პირი და მისი უწმინდესობის მღვდელია.
იმედია, რომ ღმერთი გაუნათებს გონებას და გადაადგმევინებს იმ ნაბიჯებს, რისთვისაც ამ ადამიანებს [საპატრიარქოს] ეს მოვალეობები აკისრიათ. აკისრიათ მწყემსი კეთილობა…,” – ამბობს თორნიკე მამალაძე.
თორნიკე მამალაძე ამბობს, აქციები სისტემატური ხასიათის გახდება. ნეტგზეთთან საუბარში თორნიკე მამალძე ასევე დასძენს, რომ კარავი, რომელიც მან საპატრიარქოსთან გაშალა უკვე 13 დღე დგას. მამალაძე ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში ტერიტორიაზე პატრიარქმა მანქანით არაერთხელ ჩამოიარა, თუმცა, იმისათვის რომ ილია მეორეს კარავი არ დაენახა, კარვის წინ საპატრიარქოს მანქანები ჩააყენეს.
რაც შეეხება დეკანოზის ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას, ის განმარტავს, რომ დეკანოზის პატიმრობის ორი წლის განმავლობაში საპატრიარქოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგავს.
“საპატრიარქოსთან გაიმართება სისტემური აქციები, ვინაიდან, დიახაც, დეკანოზი არის საპატრიარქოს ნაწილი, მის დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ საპატრიარქოს გავლენიანი პირები, აქედან გამომდინარე, საპატრიაქტომ უნდა აიღოს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ისე, როგორც ორი წლის განმავლობაში გაურბოდა ამ პასუხისმგებლობას და უნდა იყოს ინიციატორი, რომ ჩვენთან ერთად, დეკანოზი გათავისუფლდეს,”- ამბობს გიორგი ფანცულაია.
მისივე თქმით, აქამდე სინოდის არც ერთ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე არ განხილულა. ადვოკატი დასძენს, რომ მათ მოთხოვნებში სინოდმა დეკანოზის გათავისუფლების საკითხიც განიხილოს და მათთან შეხვედრები გამართოს.
კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართავენ ისინი თავად პრეზიდენტს შეწყალებისთვის, ფანცულაია ამბობს, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, მათ შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართეს, თუმცა, საქმე საპატრიარქოს მხრიდან დაიბლოკა. ადვოკატის განმარტებით, დეკანოზის შეწყალების ერთადერთი გზაა ის, რომ საპატრიარქომ ამგვარი მოთხოვნით პრეზიდენტს თავად მიმართოს.
გიორგი მამალაძე ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია. ის მცირე ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში 16 თებერვალს გადაიყვანეს, სადაც დეკანოზი ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.
ამავე თემაზე: