ახალი ამბები

დათა ახალაია: ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ბრძოლა დამთავრდა

6 აგვისტო, 2014 • 952
დათა ახალაია: ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ბრძოლა დამთავრდა

საქმის გადადების მიზეზად ახალაიას ადვოკატი ალექსანდრე პაპასტერიოპულოსი არასწორად თარგმნილ დოკუმენტებს ასახელებს.


“იყო ტექნიკური საკითხები, რომლის მოგვარებაც ვერ მოესწრო. მაგალითად, ერთ-ერთი დოკუმენტი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არასწორად იქნა ნათარგმნი. ჩვენ ქართული მხარის მიერ გამოგზავნილი საბუთების ზუსტი თარგმანი გვჭირდება, რომლის მიხედვით სასამართლო ახალაიას ექსტრადიციის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ახალაიას ადვოკატი.


მისი თქმით, ამ დროისთვის დათა ახალაია ათენში ცხოვრობს, აქვს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და კვირაში ერთხელ ხელმოწერისთვის პოლიციაში ცხადდება.

 


კუდ-ის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს:

 

“ეს ჩვეულებრივი პროცესი არ არის და მე ვთვლი თავს უდანაშაულოდ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი პასუხი გაეცემა და ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ვინმემ ხელები ჩამოუშვა და ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ბრძოლა დამთავრდა”.  


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში დააკავეს. იგი გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.


საქართველოში ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.
იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 3 აპრილს მიუსაჯა.

 

გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის,  ასევე, მოქალაქეების – ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144 3-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით. დათა ახალაიას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი