ახალი ამბები

52% ეთანხმება აზრს, რომ სასამართლო არის სანდო – იუსტიციის სამინისტროს კვლევა

15 თებერვალი, 2019 •
52% ეთანხმება აზრს, რომ სასამართლო არის სანდო – იუსტიციის სამინისტროს კვლევა

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა, „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს კვლევა „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“.

სამინისტროს ცნობით, კვლევის ფარგლებში 2018 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2013 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. ავტორების განმარტებით, კვლევაში ცდომილების ზღვარი ყველა კატეგორიის მიხედვით განსხვავებულია, თუმცა საერთო გამოკითხვაში ეს ზღვარი 2,5%-ს შეადგენს. კვლევის ფარგლებში ასევე ჩატარდა თვითშევსებადი ინტერვიუები დაინტერესებული მხარის ოთხი ჯგუფის პროფესიონალებთან მათი რეპრეზენტაციული შერჩევის საფუძველზე:

“პროკურორები (159), ადვოკატები (380), მოსამართლეები (213) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (12). პირისპირ ჩატარდა, ასევე, ინტერვიუები შემთხვევით შერჩეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც იმჟამად სარგებლობდნენ სასამართლოთი და იყვნენ რომელიმე მხარე სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართალწარმოებაში (186 რესპონდენტი)”.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ:

  •  საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც 52%-ია.
  • სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს.
  • ინტერვიუებმა, რომლებიც ჩატარდა პროფესიულ წრეებში, აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ადვოკატთა 57%-ის აზრით, სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%).
  • საქმეების ელექტრონულად განაწილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება პოზიტიურად შეფასდა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ;
  • სასამართლოთი მოსარგებლეთა ფიზიკური და იურიდიული პირების უმრავლესობამ ასევე პოზიტიურად შეაფასა თავისი გამოცდილება, მაგალითად, სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისა და ღიაობის კუთხით, ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის და უფასო იურიდიული დახმარების ნაწილში.

სამინისტროს განმარტებით, რაოდენობრივი კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგნაირია:

➢ რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს.

➢ მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო;

➢ მოსახლეობის აზრით, სამი მთავარი ფაქტორი, თუ როგორია საქართველოში სასამართლო, არის შემდეგი: ნელი (67%); ძვირი რიგითი მოქალაქეებისთვის (ძვირი რიგითი მოქალაქეებისათვის (სასამართლო და ადვოკატის ხარჯები 66%) და საკმარისად მკაცრი დამანაშვეთა მიმართ (57%).

➢ დებულებას, რომ საქართველოში საამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება 55%.

➢ რესპონდენტთა 41% თვლის, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა.

➢ რესპონდენტთა თითქმით, იდენტური რაოდენობა როგორც ეთანხმება (42%), ასევე არ ეთანხმება (45%) დებულებას, რომ საქართველოში მოსამართლეები თანმიმდევრულები არიან ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირებისათვის სასჯელის შეფარდებისას.

➢ რესპონდენტთა 56% აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეები სასჯელის შეფარდებისას მათზე უფრო მკაცრები არიან.

➢ ხუთიდან სამ რესპონდენტზე მეტს სმენია საქართველოში 2013 წლის შემდეგ განხორციელებული შემდეგი რეფორმების შესახებ: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა (68%), მოსამართლეების უვადო დანიშვნა (65%), მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა (65%); ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (64%), სასამართლო სხდომების საჯაროობა (61%).

➢ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 52%-ის აზრით, ხელი შეუყო სერვისების გაუმჯობესებას;

➢ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე;

➢ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 47%-ის აზრით, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა;

➢ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, მოსახლობის 46%-ის აზრით, დახვეწა არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხოლო 39 %-ის აზრით საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში;

➢ რესპონდენტთა ერთი მესამედი (35%) თვლის, რომ სასამართლოებში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მიღება და მხარდაჭერა არის საკმარისად ორიენტირებული დაზარალებულზე;

➢ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (ჯამში 85%) აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

კვლევის პრეზენტაცია დღეს, 15 თებერვალს გაიმართა. პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მოსახლეობა ამბობს, რომ იმ რეფორმების წყალობით, რომელიც გატარდა, სასამართლოებს საქართველოში დამოუკიდებლობა აქვთ და ასეთია გამოკითხულების 51%, ხოლო მათ შორის, ვინც იყო მხარე სასამრთლოში – 55%. ასევე, 52% ამბობს, რომ სასამართლოები დღეს არიან სანდო, თუმცა გამოყოფს სამ მთავარ პრობლემას: რომ სასამართლო არის ნელი, არის ძვირი, ძირითადად, საადვოკატო ხარჯებისა და ბაჟის გამოც;  ასევე სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მათი დასახლებული პუნქტებიდან სასამართლოები არის შედარებით შორს. ამ კვლევისას გამოიკითხნენ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და მათგან 14% ფიქრობს, რომ ჩვენი რეფორმები არის მართლმსაჯულების გზაზე სწორად გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ჩატარებული კვლევა ნაკლებად ასახავს რეალობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ნაზი ჯანეზაშვილის თქმით.

“ამ კვლევას რომ ვუსმენდი,  წარმოდგენა გამიჩნდა, რომ სრულიად სხვა საბჭოს წევრი ვარ, სადაც ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობა არის სხვაგვარი. ამიტომ ვფიქრობ უნდა შეფასდეს რეფორმები იმგვარად, თუ რა შედეგები მოჰყვა უშუალოდ დღეისთვის, რა სისტემა მივიღეთ და არა ისე, საკანონმდებლო ცვლილება იყო თუ არა კარგი”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილი პრობლემურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კვევაში არაფერია ნათქვამი კლანურობაზე და არ არის შეფასებული კორუფციის რისკები.

 

რას ამბობს არასამთავრობოების კვლევა, რომელიც 2018 წელს ჩატარდა?

CRRC-ის მიერ 30 აგვისტოდან 15 სექტემბერამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ინსტიტუციებს შორის მოსახლეობის ყველაზე დაბალ ნდობას პარლამენტი იმსახურებს.

კვლევა „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან” (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC- საქართველო) ერთად ახორციელებს ევროკავშირის მარდაჭერით.

კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი ნდობა ამ კუთხით პოლიციას აქვს, მეორე ადგილზე ადვოკატები არიან, მესამეზე- ომბუდსმენი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრის, პროკურატურის, მოსამართლეებისა და პარლამენტის რეიტინგს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი