ახალი ამბები

ხატიაშვილი: ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში პატიმარზე ძალადობა განხორციელდა

5 აგვისტო, 2014 • • 1301
ხატიაშვილი: ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში  პატიმარზე ძალადობა განხორციელდა

ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა იურისტებთან- რამაზ ჩინჩალაძესა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 


ზაზა ხატიაშვილის თქმით, 2014 წლის 26 აპრილს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებითი სისტემის დირექტორის მოადგილემ შმაგი ბანძელაძემ შოთა შანიძეს მიმართ განახორციელა ძალადობრივი აქტი და მოახდინა მასზე ზეწოლა დანაშაულის აღიარების მოტივით,რომელიც პატიმრის თქმით, თავად არ ჩაუდენია (საუბარია სხვა პატიმრის მკვლელობაზე).


“პატიმარი ხუთი თვეა უსაფრთხოების მოტივით იზოლაციაში, ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შოთა შანიძემ ამ ჩანაწერების გასაჯაროებისა და მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის აქტის გამოძიების მოთხოვნით სასჯელაღსრულების მინისტრს მიმართა.” 

 

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, პატიმრების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში კვლავ გრძელდება: 


“შექმნილია სპეციალური ადგილები, სადაც ადამიანებს აწამებენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ე.წ. „ატლანტისი“, რომელიც წარმოადგენს ცალკე შენობას და არის ქუთაისის #2 საბყრობილის ტერიტორიაზე.”


ხატიაშვილის განცხადებით, შანიძეს ასევე ესაჭიროება მკურნალობა, რადგან მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება. პატიმარმა რამდენჯერმე სცადა სხეულის დაზიანება იმ მიზეზით, რომ გადაეყვანათ სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა, უშედეგოდ.


ადვოკატების თქმით, შოთა შანიძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის მიხედვითაც პატიმარი არ უნდა დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.


 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის განცხადებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი გახარია გამოეხმაურა. მან სატელეფონო კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. 

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმარ შოთა შანიძეზე განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტს უარყოფს: 


“პატიმარი იზოლირებულია ჩვეულებრივ სტანდარტულ საკანში და მასზე ხორციელდება ვიდეოკონტროლი მისივე უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე”


რაც შეეხება შოთა შანიძის მოთხოვნას ჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, გახარიამ განმარტა, რომ პატიმარმა ეს ადრეც მოითხოვა:”მას ერთხელ უკვე დაუკმაყოფილეს მსგავსი მოთხოვნა, თუმცა ზეწოლის ფაქტები არ დაფიქსირდა.” 

ზაზა ხატიაშვილის პრესკონფერენცია
ზაზა ხატიაშვილის პრესკონფერენცია

მასალების გადაბეჭდვის წესი