ახალი ამბები

ვერ მოვიცალე დეტალების გასარკვევად – მაჭავარიანი “ოცნების” შიდა დაპირისპირებაზე

13 თებერვალი, 2019 • 931
ვერ მოვიცალე დეტალების გასარკვევად – მაჭავარიანი “ოცნების” შიდა დაპირისპირებაზე

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებაში” მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე არსებულ დაპირისპირების გასაცნობად, დრო არ აქვს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“თქვენ წარმოიდგინეთ და ვერ ვიცლი მაგისთვის…. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ ამ დაპირისპირების დეტალებში, პერიპეტიებში გავერკვე. .. ვერ ვიცლი,”-ამბობს მაჭავარიანი.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა და მთავარ მოტივად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად 10-კაციანი სიის წარდგენა დაასახელა. ბესელიას თქმით, ის არ დაუშვებდა ამ ადამიანების უვადო მოსამართლეებად დანიშვნას, რადგან ისინი “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს” ემსახურებოდნენ.

მიღებული გადაწყვეტილების გამო ეკა ბესელია გუნდურობის დარღვევაში დაადანაშაულა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. მან თქვა, რომ რეალურად, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო გადაწყვეტილი და მოსამართლეთა სიას არ უკავშირდება.

7 თებერვალს პარლამენტის 9 წევრმა, რომელთა შორის ეკა ბესელიაც არის, საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეაჩეროს. კანონპროექტს ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები: გედი ფოფხაძე, საშა ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭნაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი