სომხეთის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხეთი ცალმხრივ რეჟიმში კონფლიქტს მშვიდობიანად ვერ დაარეგულირებს.
“სომხური მხარე ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან დარეგულირებას მიიჩნევს შესაძლოდ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სომხეთი არ უნდა იყოს ომისთვის მზად.
ხალხები უნდა მოამზადო მშვიდობისთვის და არა ხალხი. შესაბამისად, თუკი ერთ ქვეყანაში ხელისუფლება არ ამზადებს საკუთარ ხალხს მშვიდობისთვის, მეორე ქვეყნის ხელისუფლება ამას ვერ შეძლებს. ჩვენ სიტუაციის შესაბამისად მოვიქცევით”, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამავე დროს, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე განცხადებები კეთდება აზერბაიჯანის ხელისუფლებაშიც, რომლის შესაბამისად, ბაქო ერევანს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის მზაობის არქონაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.