“ევროპული საქართველო” რამდენიმე ინიციატივით გამოდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა ითვალისწინებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შეისწავლის მოსამართლეობის თითოეულ კონკრეტულ კანდიდატურას.
ამასთან, “ევროპულ საქართველოში” მიიჩნევენ, რომ კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, არამედ არამოსამართლე წევრებსაც უნდა ჰქონდეთ.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ჩამოერთვათ მონოპოლია პარლამენტისთვის თავიანთი კანდიდატების წარდგენის. ამის უფლებას მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს და პარლამენტს, ჰქონდეს შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს უფრო ფართო სიიდან და არ მიიღოს მხოლოდ ჩინჩალაძე-მურუსიძის მხრიდან გაფილტრული კანდიდატების ჩამონათვალი. კიდევ ერთი კომპონენტი ეხება უკვე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას – სამი მეოთხედის უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებას, რაც უზრუნველყოფს უფრო ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს”, – განაცხადა დღეს, 12 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე დისკუსია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში დასამტკიცებლად წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციანი სია. აღნიშნულმა სიამ არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.
21 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.
ამავდროულად, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი იმ კრიტერიუმებსა და პროცედურების განსასაზღვრად, რის საფუძველზეც კანდიდატთა შერჩევა უნდა მოხდეს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ ირჩევს პარლამენტი.