თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსს, რომელიც დღეს დილით წყნეთში დაგორდა, სავალდებულო ტექნიკური დათვალირება გასული წლის ნოემბერში ჰქონდა გავლილი.
კომპანიაში ამბობენ, რომ ავტობუსები ტექნიკურ დათვალიერებას რიგითობის მიხედვით, წელიწადში 2-ჯერ გადიან.
“ყველა ავტობუსს, რომელიც დილით გამოდის ხაზზე, გავლილი აქვს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. გარდა ამისა, ჩვენი რესურსითაც ხდება ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების გადამოწმება, იქნება ეს მუხრუჭების სისტემა, სანათები, მაშუქები და ა.შ.”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მაშინ რამ განაპირობა დღევანდელი შემთხვევა და რატომ ვერ დაიმორჩილა მძღოლმა მუხრუჭები, კომპანიაში მიზეზს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
წყნეთში მომხდარ შემთხვევას პოლონეთიდან გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ყვითელი ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
“ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ახალი ავტობუსებით.
დღეს, 12 თებერვალს, წყნეთის გზაზე მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 5 მათგანი მსუბუქად დაშავდა, 2-ის მდგომარეობა კი საყურადღებოა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.