ახალი ამბები

2016 წლიდან დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა მიწა – მამუკა ბახტაძე

12 თებერვალი, 2019 •
2016 წლიდან დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა მიწა – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2016  წლის პირველი აგვისტოდან დღემდე  600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა მიწა. პრემიერი ამის მიზაზედ რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურას ასახელებს, მისივე თქმით, მოცემულ პერიოდში მოქალაქეების საკუთრებაში, ჯამში, 300 ათას ჰექტარზე მეტი მიწა გადავიდა.

პრემიერი განმარტავს, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, არის ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები.

“2017 წელს საქართველო იყო პირველი, ვინც დავიწყეთ რევოლუციური – ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა სახელმწიფო სექტორში და კერძოდ, სახელმწიფო სერვისებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა კი გახლდათ ის საპილოტე პროექტი, რომელშიც გადავწყვიტეთ ბლოკჩეინის გამოყენება. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემები, რომელიც შენახულია ამ სისტემაში, მისი წაშლა, შეცვლა, გადაწერა ან ამ მონაცემების უკანონო გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს მონაცემების დაცვის სტანდარტს უმაღლეს ნიშნულზე აყენებს,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა, რაც მიწის გამარტივებული ფორმით რეგისტრაციას გულისხმობს. მიწის რეგისტრაცის გამარტივებული ფორმის მიხედვით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილეა და დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი ეხმარება.

ამ პროგრამის ფარგლებში ასევე გაიზარდა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც მიწის რეგისტრაციაა შესაძლებელი. დღევანდელი მდგომარეობით, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარ არის მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი, თუ პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი