ახალი ამბებისაზოგადოება

“დახურე დუქანი, გახსენი კომიტეტი” – აქცია კილაძის გადადგომის მოთხოვნით

8 თებერვალი, 2019 •
“დახურე დუქანი, გახსენი კომიტეტი” – აქცია კილაძის გადადგომის მოთხოვნით

“დახურე დუქანი, გახსენი კომიტეტი” – ამ მოწოდებით დღეს, 8 თებერვალს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სოფიო კილაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ  “ქალთა მოძრაობა”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “თანასწორობის მოძრაობა”. სოფო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი თავდასხმები შეწყვიტოს.

კოალიციის ინფორმაციით, ბოლო მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა 4 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით “ბავშვის უფლებათა კოდექსის” კანონპროექტის განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, როცა შეხვედრის მიმდინარეობისას სოფიო კილაძემ ,,კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციის – ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელს, ანა აბაშიძეს მიმართა შემდეგი ფრაზებით:

“ჩემამდე მოვიდა შესაბამისი ხმები, რომ თქვენ პირდაპირ გქონდათ, თქვენ და ანა არგანაშვილს, დავალებული, რომ ამ ბავშვის კოდექსთან დაკავშირებით დესტრუქციული როლი გეთამაშათ, გამოსულიყავით მედიასაშუალებებში, გეყვირათ, რომ ქვეყანა იქცევა…”

“კარგი იქნება, თუ პარლამენტარების პიროვნულ შეურაცხყოფებს ფეისბუქზე თავს დაანებებთ, თქვენ და ანა არგანაშვილი…”

“ანგაჟირებული, დავალებული ადამიანისგან არაფერს არ ვიღებ. თქვენ ხართ ანგაჟირებული ადამიანი და თქვენგან არაფერს არ ვიღებ და არც მოგისმენთ, რა”.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სოფიო კილაძესთან კონსტრუქციული თანამშრომლობის პრობლემებზე საუბრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, განსაკუთრებით ნარკომოხმარების ლიბერალიზაციისა და უმცირესობების საკითხებზე, კრიტიკას ვერ უძლებს და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

აქციის მონაწილეებმა სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომაროს პოსტიდან გათავისუფლების მოთხოვნით  “ქართულ ოცნებასაც” მიმართეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი