ახალი ამბები

მორალურად სწორად მოვიქეცით – ბატიაშვილი ია კერზაიას საქმეზე

7 თებერვალი, 2019 • 1475
მორალურად სწორად მოვიქეცით – ბატიაშვილი ია კერზაიას საქმეზე

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, საარჩევნო პერიოდში სასწავლებლების ინსპექტირებასა და აუდიტზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

როგორც ბატიაშვილმა დღეს, 6 თებერვალს, განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პირადად ის  მოვლენების ასეთი განვითარების წინააღმდეგია, რადგან ყოველწლიურად არჩევნებია, მონიტორინგი კი საჭიროა, თუმცა ეს შეიძლება იყოს დაზღვევა ია კერზაიას მსგავსი შემთხვევებისგან.

ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში დარღვევების შესახებ მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი და სავარაუდო დარღვევის ფაქტი დადასტურდა და გამოვლინდა სხვა დარღვევებიც.

“სკოლას 22 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება და სამეურვეო საბჭოს დაევალა 4 დეკემბრამდე განეხილა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ასევე ეცნობა შესყიდვების სააგენტოს და შემოსავლების სამსახურს; 2018 წლის 22 ნოემბერს სამინისტროში შემოვიდა
ქალბატონ ია კერზაიას კორესპოდენცია, რომელშიც იგი ადასტურებდა ინსპექტირების სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევის ფაქტებს და უთითებდა მათი აღმოფხვრის მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროცესზე. ამ წერილში არანაირ ზეწოლაზე, ან სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უხეშ ქმედებაზე, ან დამოკიდებულებაზე მითითება არსად არ ყოფილა”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, კორესპოდენციაში ია კერზაია ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა მზაობას ინსპექტირების სამსახურის მიერ გამოთქმული კომპეტენტური რეკომენდაციების შესრულებაზე.

ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს სკოლის სამეურვეო საბჭომ სხდომაზე განიხილა სკოლაში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა და შესყიდვებში გამოვლენილი ორი სხვადასხვა სახის დარღვევის გარდა, დაეთანხმა ყველა სხვა დარღვევის არსებობას, რომელთა უმეტეს ნაწილზე მიუთითა, რომ უკვე გამოსწორებულია, ნაწილი კი გამოსწორდებოდა უმოკლეს ვადაში, ან მიუთითა, რომ გაითვალისწინებდნენ შემდგომ საქმიანობაში.

“ასევე, განიხილეს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინათ უფლებამოსილება სკოლის არჩეული დირექტორისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმს, სადაც ეს ყველაფერი, მათ შორის, დარღვევების აღიარება, ცხადად წერია. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს შეეძლო, არ დათანხმებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და დირექტორის ბრძანებით გაეთავისუფლებინა. სამინისტროს ია კერზაია თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, როგორც ამას აქტიურად ავრცელებდნენ კონკრეტული მედიასაშუალებები და პოლიტიკური ინტერესების მქონე სპიკერები”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, სამინისტრომ გაითვალისწინა საბჭოს და თავად დირექტორის პოზიცია, დირექტორის დადებითი დახასიათება, ამავე დროს, ინსპექტირების დასკვნაში მოცემული დარღვევების ფაქტობრივი აღიარება და, შესაბამისად, ვითარების გამოსწორებისთვის მათი მზადყოფნა.

“შეიძლება, იურიდიულად სწორად არ მოვიქეცით, მაგრამ მორალურად სწორად მოვიქეცით”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მინისტრი ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო, 2 დღის შემდეგ ია კერზაია ცუდად გახდა და ამიტომ ვერ გაათავისუფლა დირექტორი.

“უსამარცხვინოესი პასკვილი წარმოადგინეთ. ეს ნაჯღაბნი არის განათლების სამინისტროში დაწერილი და ამის შემდეგ გააგზავნეთ ზონდერები. წყალმომარაგების საკითხზე გვწერდნენო, არადა ქალბატონმა იამ თავად გთხოვათ ამის მოგვარება. გათავისუფლებას საფუძვლად დაუდეთ ის, რაზეც საშველად მოგმართათ დირექტორმა”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6  სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომას ზუგდიდის მე-6 საშაულო სკოლის აწგარდაცვლილი დირექტორის ოჯახის წევრებიც ესწრებიან.

ია კერზაიას ოჯახი ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექციას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. 26 ნოემბერს შენგელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ “არაერთი შეთავაზების მიუხედავად, დედამისი არ გახდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის “მათიანი”. ამ დროს ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი”.

როგორც ბაჩანა შენგელიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

სამინისტრო: 4 წუთში განცხადების მიღება, ხელმოწერა და რეაგირების დაწყება შესაძლებელია

მასალების გადაბეჭდვის წესი