ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით კახეთში სამინისტროს ჩინოვნიკი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს

7 თებერვალი, 2019 •
ქრთამის აღების ბრალდებით კახეთში სამინისტროს ჩინოვნიკი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 თებერვალს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა გარემოს დაცვის სამინისტროს კახეთის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ზაქარია ქინქლაძე. სუს-ის ცნობითვე, ამ საქმესთან კავშირში დაკავებულია კიდევ 4 ადამიანი.

გამოცემა Reginfo.ge, რომელსაც კახეთშიც ჰყავს წარმომადგენლობა, იუწყება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქინქლაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლას სთხოვდნენ, თუმაც იგი უარს ამბობდა.

ზაქარია ქინქლაძეს ეკავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსის პოზიცია.

მასთან ერთად, სუს-ის თანახმად, დაკავებული არიან შპს „გრემის“ დამფუძნებლები, გოჩა ფ. და გიორგი ა., მოქალაქე ვაჟა ფ. და შპს „ქისტაურის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ.

სუს-ის ვერსიით, გამოძიებამ დაადგენა, რომ, ერთი მხრივ, ჩამოთვლილთაგან პირველმა სამმა, ხოლო, მეორე მხრივ, მეოთხემ (რამაზ ლ-მ), ცალ-ცალკე, მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველთვე 3 000 და 8 000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს ქინქლაძეს.

სუს-ი აცხადებს, რომ “ქრთამის სახით გადაცემული თანხები – 3 000 აშშ დოლარი და 8 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოღებულია”.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი