მიხეილ ბატიაშვილი. ფოტო: BTU

ბატიაშვილი: სირცხვილია, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია

“ჩვენ გვგონია, უბრალოდ, სირცხვილია, რომ სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია, – ეს განცხადება განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული მიმართულებით ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს სამ სავალდებულო საგანს შორის აუცილებლად მოუწევT ისტორიის ჩაბარება ისევე, როგორც ქართულისა და უცხო ენის, ხოლო ტექნიკური მიმართულებით – მათემატიკის, ქართულისა და უცხო ენის.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულებით ჩასაბარებელ სამ სავალდებულო საგანს დაემატება მეოთხე საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს. ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტის მოთხოვნილ საგანზე გამოცდის ჩატარებას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

მიხეილ ბატიაშვილის ციტატა - დააკლიკეთ
“ჰუმანიტარულის მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ისტორიის ჩაბარება იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ უბრალოდ სირცხვილია, რომ სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია. ნებისმიერი ტექნიკური მიმართულება აბარებს 3 საგანს, ეს არის ქართული, უცხო ენა, მათემატიკა – ეს არის მინიმუმი, ჩვენი ხედვით, და ის საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი გადაწყვეტს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩავატაროთ  გამოცდა. ჰუმანიტარულის მიმართულებით, ეს არის ქართული, ასევე, უცხო ენა და, ასევე, მინიმუმ ისტორია და ის მიმართულება, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს. რომ გავუძლიეროთ მათ [უნივერსიტეტებს] ავტონომია, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამის შესაძლებლობა მივცეთ.”

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება“, თუმცა აქვე დასძენენ, რომ 2020 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები თვითონ დააწესებენ მისაღები ქულების ბარიერს.

ვრცლად:

2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – სამინისტრო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.