ახალი ამბები

ვენესუელაში სამხედროებმა ხიდი ჩაკეტეს და ჰუმანიტარული დახმარება არ შეუშვეს

7 თებერვალი, 2019 •
ვენესუელაში სამხედროებმა ხიდი ჩაკეტეს და ჰუმანიტარული დახმარება არ შეუშვეს

6 თებერვალს ვენესუელის სამხედროებმა კოლუმბიასთან დამაკავშირებელი ხიდი ბარიკადებით ჩახერგეს. ამით მათ გზა დაუკეტეს ქვეყანაში შესულ ამერიკულ ჰუმანიტარულ დახმარებას. აშში-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ითხოვს, ვენესუელის ეროვნული გვარდიის წევრებმა გახსნან ხიდი, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

“ვენესუელელი ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას უკიდურესად საჭიროებს. აშშ და სხვა ქვეყნები მათ დახმარებას ცდილობენ, თუმცა სამხედროები, მადუროს ბრძანების შესაბამისად, ბარიკადებით ბლოკავენ ხიდს. მადუროს რეჟიმმა ქვეყანაში ტვირთი უნდა შეუშვას, რათა დახმარებამ მშიერ ადამიანებამდე მიაღწიოს”, – დაწერა ტვიტერზე პომპეომ.

თავის მხრივ ნიკოლას მადურო ვენესუელაში ეკონომიკურ კრიზისს უარყოფს, “ჩვენ მათხოვრები არ ვართ”,-ასე მიმართა რამდენიმე დღის წინ სამხედროებს მადურომ.

ქვეყანაში მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები 23 იანვარს დაიწყო. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, იმავე დღეს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს ლეგიტიმაცია ცნო და იგი გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. აშშ-ს მიჰყვნენ კანადა, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები, მოგვიანებით- ევროკავშირიც. გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად საქართველომაც აღიარა.

გუაიდომ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ჩამოაყალიბებდა საერთაშორისო კოალიციას, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს ვენესუელელ ხალხს; მადურო მას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს.

2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ ნიკოლას მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ბოლო არჩევნებს კი, რომლის შედეგადაც ის ქვეყნის მმართველად დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.

მადუროს მხარს უჭერენ რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი