ახალი ამბები

ფოფხაძე: რაზეც გუნდის შიგნით ვისაუბრებთ, გამოვალ და მედიასთან ვილაპარაკებ

6 თებერვალი, 2019 •
ფოფხაძე: რაზეც გუნდის შიგნით ვისაუბრებთ, გამოვალ და მედიასთან ვილაპარაკებ

დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელსაც დღესაც არ აქვს გადაწყვეტილი, დატოვებს თუ არა უმრავლესობას, “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე შეხვედრას თანამოაზრე დეპუტატებთან, ეკა ბესელიასთან და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად ესწრება.

როგორც ფოფხაძემ ოცნების მთავარ ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რაზეც დღეს ისაუბრებენ უმრავლესობის შეხვედრაზე, ყველაფერს მოუყვება საზოგადოებას, რადგან სწორედ ეს მიაჩნია გუნდურობად.

“მიზანი ის არის, რომ არა კანონმდებლობას მოვარგოთ მოცემულობა, არამედ წესიერი და ღირსეული ადამიანები ავირჩიოთ სასამართლოში. თუ ამ მიზნისთვის უმრავლესობა მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის, კანონმდებლობაც ისე მოარგოს ამ მიზანს, როგორც საჭიროა, ამაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი. შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, თითქოს ჩვენ დიალოგს გავურბივათ. პოზიციას დღესაც დავაფიქსირებ. მგონია, პრინციპულია, მიზანს არ უნდა გადავუხვიოთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ არ შეიძლება კარი ჩაეკეტოს მედიას და სზოგადოებას ამ საკითხების განხილვის დროს. არ შეიძლება გუნდურობა ითვალისწინებდეს საუბრებს მხოლოდ “ქართული ოცნების” ოფისში; ეს საუბრები უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ყველას ეხება. თუ ასეთი შეზღუდვა იქნება, არასწორია. თუ საკითხი დაისმის ისე, რომ მე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში, რაზეც გუნდის შიგნით ვსაუბრობთ და ჩვენ ვერ ვთანხმდებით, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს. რაზეც იქნება საუბარი [გუნდის შიგნით], გამოვალ და თქვენთან ვილაპარაკებ. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არაგუნდურია, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის გუნდურობა. აქედან როდის და როგორ წამოვალ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც აქ ხდება, ხალხმა იცოდეს,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი