ახალი ამბები

სიგარეტი 50 თეთრით გაძვირდა

6 თებერვალი, 2019 •
სიგარეტი 50 თეთრით გაძვირდა

თითქმის ყველა სახის სიგარეტზე ფასი 50 თეთრით გაიზარდა.

სიგარეტით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასის მატება კიდევ მოსალოდნელია.

ბრითიშ-ამერიკან ტობაკოს” კორპორაციული დირექტორის, ზვიად სხვიტარიძის ინფორმაციით, სიგარეტზე ფასის მატება პირველი იანვრიდან აქციზის განაკვეთის რადიკალურ ზრდას უკავშირდება.

“აქციზის განაკვეთის ზრდა, რომელსაც პარლამენტმა გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა მხარი, თითოუელ კოლოფ სიგარეტს დაახლოებით 1,5 ლარით აძვირებს. შესაბამისად, ფასი გაიზარდა იანვარში, ახლა და მომავალშიც მოსალოდნელია, რომ ფასი დაახლოებით 50 თეთრით ან მეტით გაიზრდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სხვიტარიძემ.

სხვიტარიძე დაუსაბუთებელს უწოდებს ხელისუფლების არგუმენტს იმის შესახებ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს და ამბობს, რომ სიგარეტით ვაჭრობა “შავ ბაზარზე” გადაინაცვლებს. 

“საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, მოწევას ამცირებს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევა. თუ ვინმე იტყვის, რომ სიგარეტს თავს დაანებებს საშინელი რეგულაციებით და აქციზის ზრდით, ეს არის სიცრუე. რაც შეეხება გაყიდვების შემცირებას, ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ არალეგალური პროდუქტის ხარჯზე. არალეგალური  სიგარეტის შემოდინება გაიზარდა. საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევები ამაზე მეტყველებს. არალეგალური სიგარეტის ორი შემოდინება იქნება რადიკალური ორი მიმართულებიდან: ერთი- რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და მეორე – სომხეთიდან. სულ მალე 500-კოლოფიანი შეფუთვის ფასს შორის განსხვავება სომხეთსა და საქართველოს შორის 500 დოლარი იქნება. ასე რომ, არალეგალური სიგარეტის შემოტანის ცდუნება არის დიდი და ამის ხარჯზე მოხდება ჩვენი გაყიდვების შემცირება, თუმცა მწეველთა რაოდენობა იგივე დარჩება”, – განაცხადა სხვიტარიძემ.

2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე გაიზარდა.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით მატება მოსალოდნელია, რისი მიზანიც თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი