2 დეკემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული შვიდი პირიდან ხუთი, მათ შორის, უკრაინის ბატალიონ “დონბასის” მებრძოლი ლუკა ჩხეტია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ მიმართა, რის შემდეგაც აღნიშნული ბრალდების მხარემაც გაიზიარა. გირაოთი გათავისუფლებულთა შემდეგი პროცესი 12 მარტს გაიმართება.
სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ორი ადამიანის საქმის წარმოება ცალკე მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოს ცნობით, მათი პროცესი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით, გადაიდო.
თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, სასტუმროებში “გურუ” და “ალიანსი” სპეცოპერაცია 2 დეკემბერს ჩატარდა. პოლიციამ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე – ლუკა ჩხეტია დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ლუკა ჩხეტიას ოჯახი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს მისი დაკავება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ჩხეტიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა.