ტურიზმის ადმინისტრაციას მარიამ ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს. ნეტგაზეთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრესსამსახურში უთხრეს, რომ ადმინიტრაციის ახალი უფროსის ოფიციალური წარდგენა ხვალ, 5 თებერვალს გაიმართება.
ქვრივიშვილი კომპანია “ვოიაჟერის” დირექტორი იყო. ის ამ კომპანიაში 10%-ს ფლობს. 2016 წელს ქვრივიშვილი ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური სუბიექტის შემწირველი იყო.
ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი გამოთქვა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა. მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ნეტგაზეთს ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ადმინისტრაციის ახალი უფროსის ბიოგრაფია 5 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი.