ახალი ამბები

ფოთში პორტისა და ტერმინალის ასაშენებლად 50-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა

4 თებერვალი, 2019 •
ფოთში პორტისა და ტერმინალის ასაშენებლად 50-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, 4 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ფოთში ახალი პორტისა და ტერმინალის ასაშენებლად.

პორტისა და ტერმინალის მშენებლობას, პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის სამთავრობო სააგენტო “კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია” (Overseas Private Investment Corporation — OPIC) დააფინანსებს.

პრესსამსახურის ცნობითვე, 4 თებერვალს OPIC-მა 50-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა “პეის ჯგუფთან” (Page Group).

“ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძემ “ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა” უწოდა ხელშეკრულების გაფორმებასა და პორტის მშენებლობას, “ვინაიდან საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გარდაქმნის პროცესში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”.

პრემიერის თქმითვე, “ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის და რეგიონულ ეკონომიკას”.

“ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განზომილება ჩვენს ურთიერთობებში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი