ახალი ამბები

ევროპულმა ქვეყნებმა გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარების პროცესი დაიწყეს

4 თებერვალი, 2019 •
ევროპულმა ქვეყნებმა გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარების პროცესი დაიწყეს

ევროპის ოთხმა ქვეყანამ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო, ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა.  შესაბამისი გადაწყვეტილება  დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ავსტრიამ და დანიამ მიიღეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა ევროპის სახელმწიფოთა ულტიმატუმი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსადმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ,  რომელიც მან არ დააკმაყოფილა.

მანამდე, 31 იანვარს, გუაიდო ევროპარლამენტმაც აღიარა.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები  23 იანვარს დაიწყო. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, ამავე დღეს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს. პრეზიდენტისადმი ლოიალური რჩება ქვეყნის არმიაც.

2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ ნიკოლას მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ბოლო არჩევნებს კი, რომლის შედეგადაც ის ქვეყნის მმართველად დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი