ახალი ამბები

ზურაბიშვილის ნათესავები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტანტებად დაინიშნენ

2 თებერვალი, 2019 •
ზურაბიშვილის ნათესავები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტანტებად დაინიშნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი გერი ნანა კაშია და ქმრის ნათესავი ქეთევან მიქაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კონკურსის გარეშე დანიშნენ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ ნანა კაშია და ქეთევან მიქაძე ნამდვილად მუშაობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ორივე მათგანი, რომელთაგან ერთი – ნანა კაშია  – სალომე ზურაბიშვილის ოჯახის წევრია, კანონის სრული დაცვით დაინიშნენ.

“კონსულტანტის პოზიციაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საფეხური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ნანა კაშია გადმოვიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, სადაც ის 24 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიტიკურ გაყოფილებაში, მუდმივი კონტრაქტით და გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე. ის ფლობს 4 ენას და არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის კადრი”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება ქეთევან მიქაძეს, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ის მანამდე “საქართველოს ლატარიის კომპანიაში” მუშაობდა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ კაშიას და მიქაძეს 2-თვიანი დროებითი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, რის შემდეგაც ისინი კონკურსს გაივლიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხოვნობა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება.

მოისწრაფიშვილის თქმით, 15 თებერვალს დასრულდება რეორგანიზაციის პირველი ფაზა – ახალი საკადრო პოლიტიკის მიხედვით თანამშრომლობის შეთავაზება შიდა რესურსისთვის, 15 თებერვლის შემდეგ კი გარეშე პირები კონკურსის გზით შეირჩევიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი