ახალი ამბები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ვამხილეთ — საგამოძიებო სამსახური

20 ივნისი, 2024 •
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ვამხილეთ — საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი ამხილა, მათ შორის- 2 მამაკაცი და 3 ქალი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ, პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე მხილებულია 30 წლის ქალი. გამოძიების თანახმად, 2022 წლის ნოემბრიდან ბრალდებული ქალი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ.ბ-სთან, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან და ისინი კომუნიკაციას სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ახორციელებდნენ.
2023 წლის 28 იანვარს ბრალდებული ქალი მობილურ ტელეფონში აპლიკაცია Viber-ში თავისი მეუღლის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერას გაეცნო, მიმოწერის „სქრინები“ გადაიღო და შემდგომში ისინი მეუღლის ნათესავებთან და მეგობრებთან უკანონოდ გაავრცელა. ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების ხელყოფისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მუხლებით წარედგინა და სასამართლოს განაჩენით 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

მეორე შემთხვევაში დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მამაკაცი. გამოძიებით თანახმად, 2024 წლის იანვარში დაზარალებულმა ქალმა Facebook-ის მეშვეობით გაიცნო 1973 წელს დაბადებული ბრალდებული და მასთან ვიდეოზარით ვირტუალური სექსი ჰქონდა, რისი ამსახველი ფოტოები და ვიდეო მამაკაცმა ფარულად გადაიღო. მოგვიანებით ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულ ქალს, თუ არ დაემორჩილებოდა და არ შეასრულებდა მის მითითებებს, ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერს და ფოტოსურათებს გაუვრცელებდა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონიდან ამოიღეს დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სასამართლოს განაჩენის შემდეგ განადგურდება. ბრალდებული ა.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმეზე მხილებულია დედა-შვილი. გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, დაზარალებულმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს გ.დ.-ს, whatsapp-ის საშუალებით თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა გაუგზავნა, რომელსაც მამაკაცი კუთვნილ ტელეფონში ინახავდა. პარალელურად, ასევე, აღნიშნულ მამაკაც გ.დ.-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგოსთან თ.ტ.-სთანაც, რომელმაც მამაკაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები ნახა.

მოგვიანებით, შურისძიების მიზნით, ბრალდებულებმა ქალმა თ.ტ.-მ და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გაუგზავნა. დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება წარედგინათ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის კაციც დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სოციალურ ქსელ Telegram-ის ერთ-ერთ ჯგუფში მისთვის უცნობი დაზარალებული ქალის შიშველი ფოტო-ვიდეომასალა მოიპოვა, რის შემდეგაც იგი სოციალური ქსელით დაუკავშირდა დაზარალებულ ქალს და ახალი ინტიმური კადრების გადაღება და მასთან გადაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მოპოვებული კადრების გავრცელებით დაემუქრა. დაზარალებულისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მის ქმარს და მეზობლებს გაუგზავნა. ბრალდებული გ.მ. გამოძიების დროს სააბონენტო ნომრით იდენტიფიცირდა, რომლის მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალები და მიმოწერის დამადასტურებელი ე.წ. სქრინები. გ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი