სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 28 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის გოგოს შიშველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და სოციალურ ქსელ TikTok- ში გაავრცელა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა კაცმა და დაზარალებულმა ბავშვმა ერთმანეთი მიმდინარე წლის მარტში, TikTok-ზე გაიცნეს. ამის შემდეგ ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ Facebook-ის მესენჯერის ვიდეოზარის მეშვეობით.
კომუნიკაციისას ბრალდებული ბავშვს ემუქრებოდა და აიძულებდა გაშიშვლებულიყო. გოგონამ შენიშნა, რომ კაცი ვიდეოზარის დროს ე.წ. სქრინებს იღებდა. მან ფოტოების წაშლა მოითხოვა, შემდეგ კი კაცი სოციალურ ქსელში დაბლოკა და არ პასუხობდა მის ზარებსა და შეტყობინებებს. საპასუხოდ კაცმა ფოტოები, რომლებშიც გოგონა შიშველ მდგომარეობაშია, TikTok-ით გაავრცელა.
“გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ასევე, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ.
დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 28 წლის კაცის ტელეფონში აღმოაჩინეს სხვა არასრულწლოვანი გოგონების ინტიმური შინაარსის ფოტოები.
უწყებამ დაზარალებულ გოგონას და მის წარმომადგენელს ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლა შესთავაზა.