ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ევროპარლამენტმაც აღიარა. ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა, ევროპარლამენტარებმა ხმათა უმრავლესობით ცნეს.
Reuters-ის ცნობით, კენჭისყრაზე 429 ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა გუაიდოს აღიარებას, 104 წინააღმდეგ წავიდა, 88 მათგანმა კი ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა.
გავრცელებულ განცხადებაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას, აღიაროს გუაიდო ვენესუელის “ერთადერთ ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად” მანამ, სანამ ქვეყანაში “ახალი თავისუფალი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება”.
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები 23 იანვარს დაიწყო. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, ამავე დღეს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.
პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს. პრეზიდენტისადმი ლოიალური რჩება ქვეყნის არმიაც.
2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ ნიკოლას მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ბოლო არჩევნებს კი, რომლის შედეგადაც ის ქვეყნის მმართველად დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.