ნეტგაზეთი | მერია ვარკეთილში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს მერია ვარკეთილში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს – Netgazeti
RU | GE  

მერია ვარკეთილში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისის მერია ვარკეთილში, მესამე მასივში ავარიული კორპუსების – ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტის მიმართ ამჯერად ინტერესი დიდი იქნება და თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად დაიწყება:

„წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსი გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მათი ჩანაცვლება აუცილებელია. ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებას ვგეგმავთ, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ.

პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა მოხდეს. რამდენიმე ხნის წინ გამოცხადებული კი გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ გვქონდა შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, დეველოპერებთან, მშენებლებთან და გარკვეული წინადადებაში ცვლილებები შევიტანეთ. ამჯერად მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ პროცესს მაღალი ინტერესი მოჰყვება. ეს არის საპილოტე პროექტი და მგონია, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ავარიული შენობების ჩანაცვლებას ეტაპობრივად დავიწყებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, კონკრეტული პროექტისა და ინტერესთა გამოხატვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე განთავსდება. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ, ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს მიმართონ:

„სამ ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დაახლოებით 75 ათასი კვადრატული მეტრის ფართი. შემოსათავაზებელი ფართები მინიმუმ 7 500 კვადრატული მეტრია. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ფართს შემოგვთავაზებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალი იქნება და, შესაბამისად, ჩვენ იმ ოჯახების დაკმაყოფილებას შევძლებთ, ვინც წლების განმავლობაში ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსებული იქნება მერიის ვებგვერდზე. თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.