ახალი ამბები

საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ყველას კორექტულობისკენ მოუწოდებს

30 იანვარი, 2019 • 1288
საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ყველას კორექტულობისკენ მოუწოდებს

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით 29 იანვარს განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც საქართველოში კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოდან დელეგაცია ჩამოვიდა ამ საკითხის განსახილველად.

როგორც საპატრიარქო აცხადებს, “უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან, არცერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს.”

საპატრიარქოსვე განცხადებით, “უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს.”

“ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას.

ჩვენი მცდელობა, – ლოცვით თუ საქმით, ამ ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებაში.


მოკლედ:

2019 წლის 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი  მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

4 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომლის გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო ელის, ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

მანამდე, საკუთარ მოსაზრებებს სინოდის წევრები დამოუკიდებლად აფიქსირებენ. ტომოსის გაფორმების შემდეგ უკრაინას ავტოკეფალია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა ღირსია, ჰქონდეს ავტოკეფალია საუკუნეების მანძილზე ბრძოლის შემდეგ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინისათვის მილოცვის თავის შეკავებას სამწუხარო უწოდა. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა კი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინამ ცოტა უნდა მოიცადოს, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კი აზრის დაფიქსირება არაკორექტული იქნება მანამ, სანამ თავიანთ პოზიციებს ის ეკლესიები არ დააფიქსირებენ, რომლებიც დიპტიხში საქართველოზე წინ არიან.

ტომოსის გაფორმებამდე, სინოდის წევრმა არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ეწინააღმდეგება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი