სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია დასახელდა, იგი ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სასჯელაღსრულების მინისტად ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მღებრიშვილი დაასახელა, იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, პრემიერის განცხადებით მღებრიშვილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. მინისტრად წარდგენამდე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე პრემიერმა დავით შავლიაშვილი წარადგინა, შავლიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი გელა დუმბაძე დასახელდა, იგი განათლებით ფილოლოგია, მან ასევე დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. პრემიერს დღეს არ დაუსახელებია კულტურის მინისტრის კანდიდატურა, მისი თქმით, ამის შესახებ ხვალ, 23 ივლისს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 7 მინისტრი გათავისუფლდა– კულტურის, გარემოს დაცვის, სასჯელაღსრულების, იძულებით გადადგილებულ პირთა, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინვე დაასახელა ორი მინისტრის კანდიდატურა. მისი განცხადებით, უკვე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს, ხოლო ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დამტკიცების შემთხვევაში გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაში პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.
“თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა”, – ვკითხულობთ კონსტიტუციაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინვე გამართა პრესკონფერეცია და განაცხადა, რომ ახალი მინისტრების შერჩევის პროცესში ჩართული არ არის და ეს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრის და მთავრობის საქმეა.
