კულტურის პრესსამასახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ  გურამ ოდიშარია სამსახურში დილიდან გამოცხადდა. იგი დღეს, 15:00–ზე დაგეგმილ ღონისძიებასაც დაესწრება, რომელზეც ზაზა ურუშაძის ფილმს “მანდარინები” კულტურის სამინისტრო ღირსების ორდენზე წარადგენს. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, მისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი გურამ ოდიშარიას გათავისუფლების შესახებ.

 

სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარიც. უწყების პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, როდის გაიგო უშუალოდ მან მინისტრის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება და რამდენად იყო ინფორმირებული ცვლილების შესახებ სამინისტროს უწყებები. სოზარ სუბარს პრემიერ–მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობა შეთავაზა. ღარიბაშვილის განცხადებითვე, სუბარი შეთავაზებულ თანამდებობას დათანხმდა. 

 

დღეს სამსახურშია გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეც. პრესსამასახურის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა სტატუსით მუშაობს დღეს სამინისტროში უკვე ყოფილი მინისტრი. პრესსამსახურში ასევე ვერ აკონკრეტებენ, ახალი მინისტრის დანიშვნამდე შეასრულებს თუ არა ხათუნა გოგალაძე სამსახურეობრივ მოვალეობას.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით დღეს თანამდებობიდან დაითხოვეს,  დღეს დაგეგმილ “სოფლის მეურნეობის განვითარების 2014-2020 წლების სტრატეგიის” პრეზენტაციაზე აღარ მივიდა. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მინისტრის მოვალეობას ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ასრულებს. უწყების ინფორმაციით,  დანელია მინისტრის მოვალეობას იმ დრომდე შეასრულებს, ვიდრე პრემიერი ახალ კანდიდატურას არ წარადგენს.

 

შეკითხვაზე, როცა სხვა სამინისტროებში მინისტრის მოვალეობას კვლავ გადაყენებული პირები ასრულებენ, რატომ ასრულებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში მის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებაში განმარტავენ, რომ  როდესაც მინისტრი იხსნება, მისი პირველი მოადგილე ავტომატურად ასრულებს  მოვალეობას:

 

“ჩვენ სამინისტროს შემთხვევაში ავტომატურად ასე მოხდა, თუ სხვაგან გადაყენებული მინისტრები ასრულებენ მოვალეობას, ეს უკვე პრემიერმა უნდა განმარტოს, ასე რატომ ხდება”.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ გადაყენებული მინისტრები, სანამ ახალი მინისტრები დაინიშნებიან, მანამდე არიან მოვალეობის შემსრულებლები:

 

“იმ შემთხვევაში, თუ თვითონ უარს ამბობენ მოვალეობის შესრულებაზე, შესაბამისად, მინისტრის პირველი მოადგილე ხდება მოვალეობის შემსრულებელი. შალვა ფიფიას შემთხვევაში ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ,  როგორც ჩანს, თვითონ არ მოისურვა მოვალეობის შესრულება”.– განაცხადა გიორგი გოცირიძემ. 

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ივლის პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 7 მინისტრი გათავისუფლდა.

 

“ჩვენ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ, სხვა ტემპებია საჭირო, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები. მთავრობის საქმიანობაში შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთავარია მოხდეს ამ ხარვეზების დროული გამოვლენა და დროული ცვლილება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ეს საკითხი მათ გუშინ, კოალიციის პოლიტსაბჭოზე განიხილეს, სადაც მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოიწონა.

 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრების ვინაობა ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილთა სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეცვლის.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *