მოსამართლეთა XXV რიგგარეშე კონფერენცია განცხადების დამტკიცებით დასრულდა, რომლითაც მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე “ცილისმწამებლური კამპანიის” შეწყვეტას ითხოვენ. ტექსტის წინააღმდეგ სააქტო დარბაზში არავინ წასულა. ასევე ერთხმად აკრიტიკებდა სიტყვით გამომსვლელთა უმრავლესობა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს – ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს, მათ კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებდნენ და სასამართლოს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.
ერთ–ერთმა პირველმა გამომსვლელმა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა “დაუსაბუთებელი და ზღვარგადასული კრიტიკა” უწოდა სასამართლო სისტემის მიმართ კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. მან მათი მხრიდან სიტყვის თავისუფლების გაგებაზეც ისაუბრა.
“ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის შეურაცხმყოფელი განცხადებები და შეფასებები და თანაც იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება ჰგონია. შეგახსენებთ მათ განმარტებას გამოხატვის თავისუფლების: გამოხატვის თავისუფლება უცხოური სიტყვაა და ქართულად შეურაცხყოფას ნიშნავს”, – აღნიშნა მან.
არაერთმა მოსამართლემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები სასამართლო ხელისუფლებას შეურაცხყოფას აყენებენ, როცა სისტემის შიგნით მოქმედ “კლანზე” საუბრობენ. ერთ–ერთი მათგანი აღნიშნულ მოსაზრებას ასე გამოეხმაურა:
“არ შემიძლია, გვერდი ავუარო გამუდმებულ არაარგუმენტირებულ საუბარს ე.წ. კლანზე სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს შეურაცხყოფაა ჩვენი, ჩვენი ოჯახებისა და მეგობრები; ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან. არაერთი გამოცდა ჩავაბარეთ, არაერთი წელი ვიმუშავე რთულ პირობებში, მათ შორის… არაერთი კონკურსი და სწავლება გავიარეთ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მათ შორის. რთული გზა გამოვიარეთ. და რა გამოდის, კლანის წევრები ვართ და ამიტომ მოვედით აქ?”– თქვა მოსამართლემ, შემდეგ კი დაამატა:
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს და იმ არამოსამართლე წევრებსაც, რომლებიც რეალურად შრომობენ და ყველაფერს აკეთებენ სასამართლო ხელისუფლების განვითარებისთვის. დანარჩენი ორი წევრის სახელსა და გვარსაც არ დავასახელებ”.
“დანარჩენი ორი” იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი არიან, რომლებიც საბჭოს უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოსთვის წარდგენილ კანდიდატურებს აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. სხდომას დღეს მხოლოდ ჯანეზაშვილი ესწრებოდა და სწორედ მას მოუწია კრიტიკის მოსმენა თითქმის ყველა გამომსვლელისაგან, რომლებიც მას და დოლიძეს უსაფუძვლო ბრალდებებს, არაპროფესიონალიზმს ედავებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სასამართლოს რეალური პრობლემებით დაინტერესების ნაცვლად, პოპულიზმით არიან დაკავებულნი.
“…შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მათგან მოვითხოვდე საბჭოს წევრთა უმრავლესობისთვის უსიტყვო მორჩილებას, თუმცა ცალსახა უარყოფითი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლები არაა დაცული. ისინი ებრძვიან იუსტიციის საბჭოს და ამასთან ერთად, სასამართლო ხელისუფლებას.
მე მოსამართლე ვარ და თავს შევიკავებ განხილვისგან, თუ ვინ დგანან მათ უკან, თუმცა აშკარაა, რომ ისინი მოქმედებენ დავალებით”, – აღნიშნა მოსამართლე მიხეილ ლომიძემ, რომელმაც კოლეგებს ერთსულოვნება ფეხზე ადგომით დაადასტურებინა. მანვე ჯანეზაშვილისა და დოლიძის მოწოდება მოსამართლეებისადმი, დაეცვათ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესი, დათა თუთაშხიას მიმართვას შეადარა, არქიფო სეთურის მიმდევრებისათვის.
კრიტიკულ განცხადებებზე საპასუხოდ სიტყვა ნაზი ჯანეზაშვილმაც ითხოვა. მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ დღევანდელ კონფერენციაზე განსხვავებული მოსაზრებებიც გაჟღერდებოდა, თუმცა გაიგო მხოლოდ ის, რაც მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე – ერთი პოზიცია ყველა გამომსვლელისაგან.
“ჩემთვის მეტ–ნაკლებად ცხადი იყო, რისთვის იმართებოდა დღევანდელი კონფერენცია, თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. არ მეგონა, რომ 279 ადამიანი შეიკრიბებოდა იმისთვის, რომ ჩემი და ანა დოლიძის მიმართ გამოეთქვა ძალიან დაუსაბუთებელი კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში, უსამართლო და შეუფერებელი მოსაზრებები.
მე არცერთი მოსამართლე არ გამიკრიტიკებია მისი კონკრეტული გადაწყევტიელბის გამო. მიმაჩნია, რომ ყველა მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამას ხელს უნდა უწყობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საზოგადოება.
…ძალიან ვწუხვარ, რომ აქ ვხედავ იგივე ვითარებას, რაც ხდება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, როცა ყველა ადამიანი ამბობს ერთი და იგივე რაღაცას”, – თქვა მან და დაამატა:
“მე დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი”. აღნიშნულ რეპლიკას დარბაზიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა, თუმცა სხდომა მალე ისევ მოსამართლეთა გამოსვლებით გაგრძელდა.
დასასრულს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, მზია თოდუამ, იუსტიციის საბჭოს კრიტიკოსებისადმი გაკეთებული ზოგიერთი განცხადება გააკრიტიკა. თოდუას თქმით, კლანის ცნება მისთვისაც მიუღებელია და მისი პოზიცია სხვა მოსამართლეთა ხედვებს მრავალმხრივ ემთხვევა, თუმცა კონფრონტაციაში შესვლა არასწორია.
“ზოგიერთ კოლეგას მინდა, ვუთხრა საყვედური. არ იყო საჭირო ასეთი მწვავე [განცხადებები]. ქალბატონი ნაზი და ანა თავის აზრს გამოთქვამენ, მათ თავისი პოზიცია აქვთ, თქვენ – თქვენი. ამაზე უარესიც გვაქვს გავლილი, არასოდეს შევსულვართ კონფრონტაციაში და ყოველთვის ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ასე უნდა გავაგრძელოთ და საქმით დავუმტკიცოთ, რომ მართლა დამოუკიდებლები ვართ, მართლა მიუკერძოებლები ვართ და არ ვემორჩილებით ზეწოლას”, – აღნიშნა მან.
სანამ მოსამართლეები კონფერენციაზე ერთობლივ განცხადებას დაამტკიცებდნენ, რომლითაც იუსტიციის საბჭოსადმი ცილისწამების შეწყვეტას მოითხოვენ, საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა აუდიტორიას მისი კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც პარლამენტს სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარუდგინა. გვრიტიშვილის თქმით:
“ისევე როგორც მოსამართლეებს გვახსენებენ, რომ უფლება არ გაქვს თავი დავიცვათ პირდაპირი ლანძღვისგან, თუ საბჭოს ყველა წევრს ერთნაირი უფლებები გვაქვს, მაშინ ვალდებულებებიც გვქონდეს ერთნაირი. როდესაც ერთი არამოსამართლე წევრი 279 მოსამართლეს ეუბნება, რომ ისინი „კლანს“ წარმოადგენენ, ამის საწინააღმდეგოდ დაწესდეს რეგულაციები და დამრღვევს დაეკისროს სანქციები”.
დარბაზში მყოფმა მოსამართლეებმა ინიციატივაზე თანხმობა ტაშით დაადასტურეს.