25 იანვარს, კაშხლის ჩამოშლის შედეგად, ბრაზილიაში სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300-მდე დაიკარგა. შემთხვევა მინას-ჟერაისის შტატში, ქალაქ ბელუ-ორიზონტისთან მოხდა.
BBC-ის ინფორმაციით, სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჯარისკაცებიც მონაწილეობენ. მათ ათობით ადამიანი გამოიყვანეს ინციდენტის ადგილიდან.
როგორც მეხანძრეები იუწყებიან, კაშხლის გარღვევის შემდეგ წყალმა, რომელიც მეტალურგიული მრეწველობის ნარჩენებს შეიცავდა, რამდენიმე ახლომდებარე სახლი დატბორა.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ჩამოშლილი შახტი ბრაზილიაში ყველაზე მსხვილ რკინის მომპოვებელ კორპორაციას Vale-ს ეკუთვნის, რომლსაც ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ინციდენტი უკავშირდება.
2015 წელს, მინას-ჟერაისის შტატში, Vale-ს ერთ-ერთი შახტის გარღვევამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია, რაც მდინარეების დაბინძურებაში გამოიხატა. 4 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას 19 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 600 საცხოვრებლის გარეშე დარჩა.