რუსეთში ქართული დიასპორული ჯგუფი FB-ს სთხოვს”სპუტნიკის” ადმინისტრატორთა განბლოკვას

რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია “ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია”, რომელიც აცხადებს, რომ იქ მცხოვრები ქართული დიასპორის წევრებს აერთიანებს, “ფეისბუქისაგან” “სპუტნიკ საქართველოს” ადმინისტრატორებისთვის ბლოკის მოხსნას ითხოვს.

“მე მივწერე ფეისბუქს როგორც პირადად, ისე ჩვენი დიასპორის გვერდიდან სოციალურ ქსელში, უკვე, ორგანიზაციის სახელით”, – უთხრა ორგანიზაციის პრესმდივანმა ანდრო ივანოვმა “რია ნოვოსტის”.

მისი განცხადებით, “ფეისბუქი” საინფორმაციო გიგანტია და ორგანიზაცია ვერ დაუშვებს, მისი მეშვეობით ხალხის ინფორმირების საშუალება დაკარგოს.

“ეს წყარო[სპუტნიკი] ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პორტალი აქვეყნებს ახალ ამბებს საქართველოს დიასპორის ცხოვრებაზე რუსეთში, ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე”,  -ამბობს ის.

“ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია”, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთში ქართული დიასპორის წევრებს აერთიანებს, 2016 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მისი მიზანი ქართული დიასპორის გაერთიანება და “საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაძლიერებაა”.

ორგანიზაციის დამფუძნებელია რუსეთში მცხოვრები გიორგი წურწუმია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვლადიმერ პუტინს მან ასეთი ტექსტით მიულოცა:

“…საუკუნეების მანძილზე ქართული დიასპორა ემსახურებოდა მისი მეორე სამშობლოს ინტერესებს ჯერ რუსეთის იმპერიაში, შემდეგ საბჭოთა კავშირში, ახლა კი -რუსეთის ფედერაციაში. პეტრე ბაგრატიონიდან იოსებ სტალინამდე, ქართველები მზად იყვნენ, გაეღოთ თავიანთი ძალა და სიცოცხლე მშვიდობისათვის, წესრიგისა და თანასწორობისათვის რუსეთის მიწაზე”.


Facebook-მა სპუტნიკთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი და ანგარიში გასულ კვირას წაშალა. სოციალური ქსელის ინფორმაციით, ამ გვერდების სამიზნე აუდიტორია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები იყვნენ. Facebook-ის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს, რომ 364 გვერდი დაკავშირებული იყო რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სააგენტოს, სპუტნიკის თანამშრომლებთან.

Facebook-ის ინნფორმაციით, გვერდების წარმოჩენა ხდებოდა ისე, თითქოს ისინი დამოუკიდებელი მედიასააგენტოები იყვნენ, ზოგიერთ მათგანს კონკრეტული მიმართულებაც ჰქონდა არჩეული ,როგორიცაა სპორტი, ეკონომიკა და ა.შ. ამის მიუხედავად, მათი დიდი ნაწილი ხშირად დაკავებული იყო NATO-ს საწინააღმდეგო განწყობის გაღვივებით.

რაც შეეხება თავად სპუტნიკს, Reuters-ის ინფორმაციით, რუსული სააგენტო Facebook-ის ამ ნაბიჯს პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ გვერებიდან 7 ეკუთვნოდა მეზობელ ქვეყნებში არსებულ მათ ბიუროებს.

“სპუტნიკი” კრემლის მიერ დაფინანსებული “Россия сегодня”-ს დაარსებული საინფორმაციო სააგენტოა. სააგენტო ვებგვერდს ქართულ ენაზეც ამუშავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან