ახალი ამბები

Messanger, Whatsapp და Instagram “გაერთიანდება” – ცუკერბერგის ინიციატივა

25 იანვარი, 2019 • 1917
Messanger, Whatsapp და Instagram “გაერთიანდება” – ცუკერბერგის ინიციატივა

“ფეისბუქი” თავისი საკომუნიკაციო სერვისების გაერთიანებას გეგმავს. მათ შორისაა ფეისბუქ Messanger, Whatsapp და Instagram. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ინიციატივა კომპანიიდსდამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს ეკუთვნის. გეგმის მიხედვით, თითოეული სერვისი ისევ იქნება წარმოდგენილი დამოუკიდებელი აპლიკაციების სახით, თუმცა პროცესში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ მათი ძირეული სამესიჯო ინფრასტრუქტურა გაერთიანდება.

ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, Facebook-ის მომხმარებელს შეეძლება, მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნოს ადამიანს, რომელიც, მაგალითად, მხოლოდ Whatsapp-ის აპლიკაციით სარგებლობს. ამ დრომდე ეს შეუძლებელია, ვინაიდან აპლიკაციები ერთმანეთისაგან სრულადაა გამიჯნული.

აპლიკაციების ინფრასტრუქტურის გაერთიანებით, ცუკერბერგს სურს, გააუმჯობესოს სოციალური ქსელის სარგებლიანობა და მისი მილიარდობით მომხმარებელი მეტად დააახლოვოს მისივე ეკოსისტემის შიგნით”, – ვკითხულობთ New York Times-ს მასალაში.

გაზეთის წყაროები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები მეტად მოიხმარენ ფეისბუქის აპლიკაციებს, კომპანია საკუთარი სარეკლამო ბიზნესის გაუმჯობესებას, ახალი სერვისების დამატებას და მეტი ფინანსების გამომუშავებასაც შეძლებს.

თუმცა, სტატიის თანახმად, ამ დრომდე ფართო დამოუკიდებლობის მქონე აპლიკაციების ინტეგრაციასთან დაკავშირებით  კომპანიაში არაერთგვაროვანი განწყობებია, რის გამოც საქმე შიდა დაპირისპირებამდე მივიდა. გამოცემა წერს, რომ სწორედ აღნიშნული გეგმები გახდა Instagram-ისა და Whatsapp-ის დამფუძნებელთა თანამდებობებიდან წასვლის მიზეზი გასულ წელს. ამასთან, იმავე წყაროების ცნობით, დეკემბერში გამართულ თათბირზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Whatsapp-ის თანამშრომელთა ნაწილსა და ცუკერბერგს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

გამოცემის ცნობით, კომპანია ცვლილებებზე მუშაობის ადრეულ სტადიაზეა და საბოლოო შედეგი, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში დაიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი