2012 წლის 21 ოქტომბერს კულტურის მინისტრობის კანიდატმა გურამ ოდიშარიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სამინისტროში შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც ეკლესიების გადაცემის კანონიერების საკითხს შეისწავლიდა.
დაპირებიდან 7 თვის შემდეგ, 2013 წლის 7 მაისს, ოდიშარიამ განაცხადა, რომ კომისია საბოლოოდ შექმნილი არ იყო.
ხოლო 2013 წლის 11 ნოემბერს ოდიშარიამ განაცხადა, რომ კომისია შექმნილი იყო და აქტიურად მუშაობდა. იქვე გაახმოვანა საკუთარი მოსაზრება, რომ სადავო ეკლესიები კათოლიკურია.
უკვე დღეს მინისტრი აცხადებს, რომ სადავო ეკლესიების გადაცემის საკითხის შესწავლა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის:
“შესაბამისი კომისია არის კანცელარიასთან, გარდა ამისა, ბატონი პაატა ზაქარეიშვილის თემაც არის ეს. ჩვენ ვზრუნავთ ძეგლებზე და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კონფესიის არის, ხოლო დანარჩენი – ვისია, როგორ არის, ეს ჩვენი განსახილველი თემა არის, კულტურის სამინისტროს არ ეხება.”
კითხვაზე, თუ რატომ შეიქმნა კომისია, ოდიშარია პასუხობს:
“კომისია ახლა არის კანცელარიასთან შექმნილი, ახალი ჯგუფი არის, რომელიც მუშაობს და ზაქარეიშვილს რომ ჰკითხოთ, უფრო ზუსტად გეტყვით. მოხდა გრადაცია, ჩვენ ძეგლებს ვიცავთ. საჩითირო საკითხები ჩვენ არ გვეხება.”
კათოლიკეები საქართველოში 5 ეკლესიის დაბრუნებას ითხოვენ. ესენია – გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, სოფელ “უდეს” ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და ახალციხის წმინდა ჯვრის სახელობის ტაძარი.
