ნეტგაზეთი | ნიკოლაიშვილი: კიწმარიშვილის იარაღზე ვიზუალური დათვალიერებით სისხლის ლაქები არ ჩანს ნიკოლაიშვილი: კიწმარიშვილის იარაღზე ვიზუალური დათვალიერებით სისხლის ლაქები არ ჩანს – Netgazeti
RU | GE  

ნიკოლაიშვილი: კიწმარიშვილის იარაღზე ვიზუალური დათვალიერებით სისხლის ლაქები არ ჩანს

დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, იარაღზე, რომელიც პოლიციამ ეროსი კიწმარიშვილის პირად ავტომანქანაში იპოვა, ვიზუალური დათვალიერებით სისხლის კვალი არ ჩანს. 

დამოუკიდებელმა ექსპერტმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დღეს იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზა არ ჩატარებულა:

 

“დღეს მოხდა იარაღის დათვალიერება. მოხდა ბიოლოგიური კვლევისთვის მომზადება. დნმ–ის ანალიზისთვის აღებულია ანაწმენდები. ამის კვლევა ჩატარდება ჩვენს გარეშე, იმიტომ, რომ მე არ ვარ სპეციალისტი.  მათთან ერთად მე და ზურაბ კიწმარისვილი ვიღებდით მონაწილეობას. ვესწრებოდით ამ პროცესს.”

 

მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, იარაღზე სისხლის ლაქები ნანახი არ აღმოჩნდა: “არც ულტრაიისფერ სხივებში და არც ლუპით სისხლის კვალი არ გამოჩნდა. მაგრამ არის ანაწმენდები და ვნახავთ, რას გვაჩვენებს დასკვნა დნმ–ის მიხედვით.”

 

მაია ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, იარაღის ექსპერტიზის რიგითობა ასეთია:”ხდება ვიზუალური დათვალიერება, შემდეგ ხდება ანაბეჭდების აღება და ბალისტიკური ექსპერტიზა ბოლოს.” 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ავტომანქანაში, რომელიშიც ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი იპოვეს, აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც კიწმარიშვილის სახელზე 15 ივლისს, ანუ მის გარდაცვლების დღესაა რეგისტრირებული.

 

“შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ მანქანაში აღმოჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე დღეს – 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა”, – ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულცნობაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ამავე განცხადებაში ეს ინფორმაცია მითითებული არ იყო და მოგვიანებით ჩაამატეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი