ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლეში გადაღებული ბოლო კადრი და ახალი დეტალები (ფოტო)

17 ივლისი, 2014 • • 2318
ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლეში გადაღებული ბოლო კადრი და ახალი დეტალები (ფოტო)

ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლეში გადაღებული ბოლო კადრი სათვალთვალო კამერიდან
ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლეში გადაღებული ბოლო კადრი სათვალთვალო კამერიდან

ეროსი კიწმარიშვილის ძმის ინფორმაციით, კადრში დაფიქსირებულია, რომ კიწმარიშვილს მაისური აცვია, მაშინ, როდესაც ავტომობილში მოგვიანებით აღმოჩენილი ცხედარი პიჯაკითაა. ეროსი კიწმარიშვილს, რომელიც ლიფტს ელოდება, პიჯაკი არც ხელში უჭირავს:

“მე არ მინახავს ვიდეომასალა, მაგრამ ვნახე ვიდეოდან ამოჭრილი კადრი. ალბათ, ეს არის ჩასვლის მომენტი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ ფოტოა, იქ არ ჩანს, ჩადის თუ ამოდის ეროსი, იქ მოძრაობა არ ჩანს, მაგრამ ვინც მაჩვენა, იმან მითხრა, რომ ვიდეომასალაში ჩასვლის მომენტი ჩანს. მას აცვია მოვარდისფრო მაისური, ამ კამერიდან ეს ფერი ჩანს. რაც შეეხება გარდაცვალების მომენტს, მას უკვე კოსტუმი აცვია, ოღონდ მაისურიც საეჭვოა ჩემთვის, იმიტომ, რომ მოლურჯო, მუქი ფერისაა. იმ კადრში კოსტიუმი არ აცვია, არც ხელში უჭირავს. თუ ეს უშუალოდ ავტოფარეხში ჩასვლის წინ არის გადაღებული და მანამდე სახლიდან გასული არ არის, დასაფიქირებელი მომენტია. პიჯაკის ვარიანტი კიდევ გასაგებია, შეიძლება მანქანაში ჩაიცვა, მაგრამ [მაისურის ]ფერის მომენტი მაფიქრებს. შეიძლება, ის ვიდეო  დროში უფრო ადრე გაკეთებულია, ვიდრე ავტოსადგომში ჩასვლა მოხდა”, – ამბობს ზურა კიწმარიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.


ნეტგაზეთმა გაარკვია, რომ სათვალთვალო კამერა, რომელმაც ეროსი კიწმარიშვილის სავარაუდოდ უკანსკნელი გასვლა დააფიქსირა სახლიდან, ინფრაწითელი მოწყობილობაა და შესაძლოა მან გამოსახულების  რეალური ფერები არ აღბეჭდა.


 

ზურა კიწმარიშვილის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი ავტოფარეხში მისმა პოლიტიკურმა თანამოაზრემ გია ხევიაშვილმა აღმოჩინა თანმხლებ პირთან ერთად. ნეტგაზეთის ინფორმაციით, გია ხევიაშვილმა, რომელიც დღეს მედიასთან საუბრისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებს, დაახლოებით 16 საათზე დააკაკუნა ეროსი კიწმარიშვილის ბინის კარზე. მანამდე კი, ზურა კიწმარიშვილის თქმით, მოვლენები ასე განვითარდა:


 

“თვითონ [გია ხევიაშვილი] ყვება ასეთ ისტორიას, რომ [ეროსისთან] ერთად აპირებდნენ სადღაც წასვლას და ვიღაცასთან შეხვედრას. წინა დღეს ჰქონდათ ამაზე მოლაპარაკება, იყვნენ საქმიან ხასიათზე. ხევიაშვილი ამბობს, რომ ურეკავდა ტელეფონზე იმიტომ, რომ ახლოვდებოდა ის დრო, როცა უნდა გასულიყვნენ. ტელეფონზე არ პასუხობდა, შემდეგ სახლში ავიდნენ, იქაც ვერ ნახეს, მერე იფიქრეს, რომ თუ გასულია ვნახოთ, რომელი მანქანით წავიდაო და ამის გამო ჩავიდნენ ავტოფარეხში. ასეთი რამ მოყვა ხევიაშვილმა”.


 

ნეტგაზეთის კითხვას, როგორ მოახერხა ხევიაშვილმა ავტოფარეხში ჩასვლა, ზურა კიწმარიშვილი პასუხობს, რომ კარი დაკეტილი არ არის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოახერხა ხევიაშვილმა იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომ ეროსი კიწმარიშვილი სახლში არ იყო, ზურა კიწმარიშვილი ორ ვარიანტს ვარაუდობს:

“ორი ვარიანტია, ან არ გაუღეს კარი, ან დამლაგებელმა გაუღო და უთხრა, რომ წავიდა ეროსი”.

ზემოხსენებულმა სათვალთვალო ვიდეოკამერამ გია ხევიაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირი, რომელიც ზურას კიწმარიშვილის ინფორმაციით, ასევე, ეროსი კიწმარიშვილის საარჩევნო შტაბის წევრია, დაახლოებით 16:00 საათზე დააფიქსირა კიწმარიშვილის ბინის კართან.

 

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად რა დროს დაიღუპა ეროსი კიწმარიშვილი. მისი ძმა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არც მას აქვს და გამოძიება არკვევს, თუმცა იხსენებს, რომ ცნობა ძმის ცხედრის აღმოჩენის შესახებ მალევე, დაახლოებით 17:00 საათისთვის შეიტყო.


მასალების გადაბეჭდვის წესი