ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა დედას მისი გენდერული იდენტობა გაანდო

22 იანვარი, 2019 •
ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა დედას მისი გენდერული იდენტობა გაანდო

პოლიციელმა ტრანსგენდერი ქალის პერსონალური მონაცემები არასამსახურებრივი მიზნით გადაამოწმა და, როგორც დაზარალებული ამბობს, მისი გენდერული იდენტობა გაანდო დედას, რომელმაც არაფერი იცოდა ამის შესახებ, — იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG).

ორგანიზაციის თანახმად, 27 ივნისს ინსპექტორ-გამომძიებელმა ე.გ-მ 27 შსს-ს ცენტრალურ საინფორმაციო ბაზაში ტრანსგენდერი ქალის პერსონალური მონაცემები გადაამოწმა.

პოლიციელი, WISG-ის ცნობით, აგვისტოში გაათავისუფლეს თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე.

ორგანიზაციის ცნობითვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებით, პოლიციელი სამართალდამრღვევად ცნეს მონაცემების დამუშავების ნაწილში, თუმცა “ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა”.

რაც შეეხება საქმის მეორე ნაწილს — პოლიციელის მიერ ტრანსგენდერი ქალის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას,  WISG-ის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ეს ვერ დაადასტურა:

“ტრანსი ქალის განმარტებით, იმ სისხლის სამართლის საქმის მასალები, სადაც მისი პერსონალური ინფორმაცია ფიგურირებდა, მისი ნებართვის გარეშე გაანდეს მის დედას. ამ უკანასკნელმა ხსენებულ შემთხვევამდე არაფერი იცოდა მისი გენდერული იდენტობის შესახებ და სწორედ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ შეიტყო. დაზარალებული განმარტავს, რომ ამ ფაქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინა მათ ურთიერთობაზე და წარმოშვა ძალადობის პროვოცირების საფრთხე. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მან უარი განუცხადა ინსპექტორს, რომ კონტაქტი დაემყარებინა დედასთან. სწორედ ამ მიზეზის გამო, ინსპექტორმა ვერ შეძლო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება”, – წერს ორგანიზაცია.

WISG-ის იურისტის, ქეთი ბახტაძის განმარტებით, “პოლიციის მხრიდან ლგბტი ადამიანების პირად ცხოვრებაში შეჭრისა და მათი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შემთხვევები WISG-ის პრაქტიკაში მრავლად არის”.

ბახტაძის თანახმად, ასეთი შემთხვევების შედეგად დაზარალებულები “უმრავლეს შემთხვევაში თავს იკავებენ გენერალური ინსპექციის თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიმართვისგან. გარდა ამისა, დისკრიმინაციისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლებისთვის ერთ-ერთ ინსტიტუციურ ბარიერს წარმოადგენს ე. წ. „იძულებითი ქამინგ აუთი“, რაც გულისხმობს საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამხელას იძულებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი