იჩქარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის კვალიფიკაციისას, ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ” კახა კოჟორიძეს მიმართა. კოჟორიძის განცხადებით, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა მას შემდეგ შეეძლება, რაც მისთვის ცნობილი გახდება დეტალები, რომლის მიხედვითას შსს-ს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება.

 

“მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ კონკრეტული სავარაუდო დანაშაულის კვალიფიკაციას განსაზღვრავს კონკრეტული გარემოებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კრიმინალისტები რომ მივიდნენ იქ, მათ რა გარემოებები დახვდათ, ეს მე არ ვიცი. შესაბამისად, არ მეცოდინება, მათ მიერ გამოტანილი კვალიფიკაცია ამ კონკრეტული ქმედების რამდენად სწორია”. 

კოჟორიძე ამბობს, რომ თუ კრიმინალისტების მიერ დანახული გარემოებები არ აღძრავდა ეჭვს, რომ ეს შეიძლება მკვლელობა ყოფილიყო უფრო მაღალი ალბათობით, ვიდრე თვითმკვლელობა, და წინასწარი ინფორმაცია მიუთითებდა იმაზე, რომ თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი, ამ შემთხვევაში გამოძიების დაწყება ამ მუხლით არ არის კანონდარღვევა.

 

“თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება სხვა გარემოებები, მერე შესაძლებელია გადაკვალიფიცირდეს და 115-ე მუხლის მაგივრად მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს გამოძიება, მაგრამ თავიდან რამდენად სწორად მოხდა ამ კვალიფიკაციის მინიჭება, ამ კითხვაზე პასუხი გამიჭირდება იმიტომ, რომ  უნდა ვიცოდე კონკრეტული გარემოებების დეტალები, რის საფუძველზეც მათ ეს დასკვნა გააკეთეს”, – განაცხადა იურისტმა. 

 

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი გიორგი მშვენიერაძე კი ამ საკითხს ასე უყურებს: 

 

“ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას რით დაიწყებს, ეს უკვე გამოძიების გადასაწყვეტი საკითხია, თუმცა ზოგადად პრაქტიკა იმის შესახებ, რომ ადამიანის გარადაცვალებისთანავე გამოძიება იწყება ამ მუხლით: თვითმკვლელობამდე მიყვანით,  გარკვეულწილად წინასწარვე გამოხატავს პოზიციას, თუ რა ვერსიაზე იმუშავებს ძირითადად გამოძიება… განსაკუთრებით იმ ტიპის შემთხვევებზე, როგირიც ეროსი კიწმარიშვილი იყო, ვგულისხმობ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, საკუთარ დამოკიდებულებებს, ცოტა არასწორი ვერსია იყო შერჩეული, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია”, – ამბობს მშვენიერაძე. 

 

გიორგი მშვენიერაძე და კახა კოჟორიძე
გიორგი მშვენიერაძე და კახა კოჟორიძე

 

ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, დღეს ყიფშიძის ქუჩაზე მკვდარი იპოვეს. 

 

ეროსი კიწმარიშვილი 1964 წელს დაიბადა. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შ.პ.ს. “რუსთავის სადაზღვევო კომპანია. 1993 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გაზეთი “რუსთავის ახალი გაზეთი” და მოგვიანებით შ.პ.ს. “გამა+” რომელმაც შექმნა “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”, 1994-2004 წლებში მუშაობდა “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორად. 2004 წელს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. 2007 წელს მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტად. 2007 წლის დეკემბერში იყო სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 2010 წელს იყო “ქართული პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა “მაესტროს” მართვის კომპანიას. 2014 წელს კენჭს იყრიდა რუსთავის მერის პოსტზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *