ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანთან სერიოზულ საკითხებზე შეთანხმება არარეალურია – მიკაელ ზოლიანი

15 დეკემბერი, 2018 • 902
აზერბაიჯანთან სერიოზულ საკითხებზე შეთანხმება არარეალურია – მიკაელ ზოლიანი

პოლიტოლოგი, 2018 წლის ნოემბრიდან ბლოკი “ჩემი ნაბიჯის” წევრი მიკაელ ზოლიანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე და ქვეყნის საგარეო კურსზე ნეტგაზეთთან საუბრობს.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვინ იქნება ხელისუფლების რეალური, ჯანსაღი ოპოზიცია?

ვფიქრობ, ჯანსაღი ოპოზიცია ის არაა, რომელიც ცდილობს ისეთი ცრუ დღის წესრიგი ჩამოაყალიბოს, როგორც არჩევნებამდე პერიოდში ხდებოდა [მაგალითად, როდესაც აცხადებდნენ, რომ ახალი ხელისუფლება სომხურ ოჯახებს, სომხეთის ეკლესიას ანადგურებს, ყარაბაღს ყიდის და ა.შ.]. ასეთი ოპოზიციის არსებობამ შეიძლება ხელისუფლების საქმიანობა გაამარტივოს კიდეც, რადგან მათთვის წინააღმდეგობის გაწევა უფრო მარტივია, თუმცა საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის უარყოფითად აისახება.

ვფიქრობ, პარტია “აყვავებულ სომხეთს” და სხვა რამდენიმე პარტიას საკმაო რესურსები აქვთ იმისთვის, რომ რომ ჯანსაღი ოპოზიცია გახდნენ. გარდა ამისა, დღეს, სოციალური ქსელების, ახალი მედიის, პოლიტიკური და სოციალური აქტივობების ეპოქაში სულაც არ არის საჭირო, ეფექტური ოპოზიცია ეროვნულ კრებაში იჯდეს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები უკვე ახერხებენ ამას და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ პარლამენტს გარეთაც ოპოზიციურ საქმიანობას.

როგორც იქნა მმართველი პარტიის შიგნითაც სერიოზული დისკუსიებია სხვადასხვა საკითხზე და ყველაფერი ავტომატური გადაწყვეტილებებით არ მიიღება.

სომხეთის მთავრობის სტრუქტურა იცვლება: აღარ იარსებებს ვიცე-პრემიერის თანამდებობა და მინისტრთა რაოდენობაც შემცირდება. რა ცვლილებები იგეგმება და რატომ აკეთებთ ამას?

სომხეთის სახელისუფლებო სისტემაში ადამიანური რესურსის ჭარბი რაოდენობაა. ჩვენ ბევრი თანამშრომელი გვყავს და დაბალი ხელფასები. თანამშრომელთა და სტრუქტურების რაოდენობა უნდა შემცირდეს, თუმცა სამუშაოს ხარისხი უნდა გაიზარდოს.

სამწუხაროდ, ეს მტკივნეულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ამასთან, მგონია რომ ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს საზოგადოებასთან უკეთესი ურთიერთობა და მისთვის ცვლილებების საჭიროების უკეთესად დასაბუთება.

ჩვენ უნდა ნათლად წარმოვიდგინოთ, რას ვაკეთებთ, რა იქნება ამ ცვლილებების ეფექტურობა სახელმწიფოსთვის. თუმცა ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ცვლილებები საჭიროა.

ოფიციალურმა ერევანმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მილოცვები მიიღო. რუსეთს არ მიულოცავს ფაშინიანისთვის. რისი ნიშანია ეს?

წინა ხელისუფლების დროს დიდ ყურადღებას უთმობდნენ უცხოელი პოლიტიკური პარტნიორების მილოცვებს. ეს გარკვეულწილად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ სომხეთში ხშირი იყო არჩევნების გაყალბება, შესაბამისად, როდესად, ხელისუფლების ქვეყნის შიგნით ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა, სწორედ ამ მილოცვებითა და არჩევნების საერთშორისო აღიარებით  ნეიტრალდებოდა.

დღეს ახალ ხელისუფლებას ძალიან მაღალი შიდა ლეგიტიმურობა აქვს და ასეთ პირობებში საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, რომელი ქვეყანა მიულოცავს სომხეთს და რომელი არა. დიახ, ჩვენ არ მიგვიღია მილოცვა კრემლიდან, მაგრამ მე ვერ ხედავ დიდ პრობლემას, მითუმეტეს ფაშინიანი ჯერ არ აურჩევიათ პრემიერ-მინისტრად. რაც შეეხება თავად სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, თავად ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა და პრობლემას ვერ ხედავს.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთის ახალ ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა, წინ აღუდგეს აშშ-ს მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლას და დამოუკიდებლად შეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. კარასინის ამ განცხადებაზე რას ფიქრობთ?

ვფიქრობ, ეს უფრო რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს შეეხება, ვიდრე სომხურ- რუსულს. აშშ და რუსეთი რეგიონში გავლენების გაძლიერებისთვის კონკურენტები არიან, და ეს კონკურენცია ხშირად ასეთ ფორმებს იღებს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია სიტუაცია,  როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობაა. თანამშრომლობის ასეთი ელემენტები ჩვენს რეგიონში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, მაგალითად, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საქმიანობის სახით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ რუსეთთანაც და დასავლეთთანაც ვავითარებთ ურთიერთობებს და არ ვხედავთ აქ რაიმე წინააღმდეგობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება გავიხსენოთ სომხეთში მოქმედ ჯანდაცვის ლაბორატორიებზე, რომლის თანახმად, ეს საკითხი სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან არ განუხილავს.

ეს ამბავიც რუსულ- ამერიკულ ურთიერთობებზეა. ლაბორატორიების საკითხი ზოგადად აშშ-სა და რუსეთში საკმაოდ განხილვადი თემაა. სომხეთში არსებული ლაბორატორიები არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს და ამაში ნებისმიერს შეუძლია დარწმუნდეს.

პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე საჭიროებას სპეციალურ შეთანხმებას მოეწეროს ხელი. რაც შეეხება უშუალოდ ლავროვის განცხადებას, პრობლემა იმაშია, რომ მედიამ ეს განცხადება კონტექსტიდან ამოიღო და წარმოაჩინა ისე, თითქოს რაიმე მოლაპარაკებები არსებობს სომხეთსა და რუსეთში, სომხეთში სხვა სამხედრო ძალების ყოფნის გამორიცხვაზე, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზოჰრან მნაცაკანიანთან ყარაბაღის საკითხზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. რას ნიშნავს ეს და რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

ვფიქრობ, ეს გაცხადება უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ორი გამოცდილი დიპლომატი მოლაპარაკებათა ნორმალურ პროცესში შევიდა და მათ შორის ნორმალური და ადამიანური კონტაქტი შედგა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოლაპარაკებათა პროცესი განახლდება და ეს უკვე მეტნაკლებად დადებითი ნაბიჯია.

თუმცა, ვვარაუდობ, რომ სერიოზულ საკითხებზე შეთანხმება არარეალურია. მხარეთა პოზიციები იმდენად სხვადასხვაა, რომ მათ დაახლოებას წლები დაჭირდება.

ამასთან, სრულიად რეალურია საზღვარზე დაძაბულობის შესუსტება, ნდობის გასამყარებლად ზომების მიღება და სამოქალაქო დიპლომატიის განახლება და ა.შ. წამოვა თუ არა ამაზე აზერბაიჯანი, მალე ვნახავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი