ახალი ამბები

როგორ გამოიძიებს საქართველო რეკორდული რაოდენობის ჰეროინის საქმეს

15 ივლისი, 2014 • • 1693
როგორ გამოიძიებს საქართველო რეკორდული რაოდენობის ჰეროინის საქმეს

ხელისუფლებაში კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ნარკოტიკების ამოღების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში ნარკოტიკების გავრცლების თემას ეხება, თუ 2011 და 2012 წლებში საქართველოში ამოღებული ნარკოტიკების ჯამური ოდენობა მხოლოდ ნომინალური იყო (კილოგრამზე ნაკლები ჰეროინი, მარიხუანა და სინთეტიკური ნარკოტიკი), 2013 წლის ივლისში სამართალდამცველებმა ერთბაშად ამოიღეს 116 კილოგრამი ჰეროინი – დააკავეს სატვირთო, რომელმაც საზღვარი სომხეთიდან გადმოკვეთა. ასევე, 2013 წელს ამოღებულ იქნა 1 კილოგრამი ჰეროინი, რომელიც კერძო პირს თურქეთიდან შეჰქონდა საქართველოში, და 123 აბი ექსტაზი, რომელიც პოლიციის ცნობით, ასევე ერთ ადამიანს აღმოაჩნდა ავტობუსების გაჩერებაზე თბილისში. თუმცა ამ თვალსაზრისით 2013 წელი მაინც არ არის ყველაზე წარმატებული, რადგან 2014 წლის 11 ივლისს შსს-მ და ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების  სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დაკავა, რომლებსაც ბრალად 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინის ტრანსპორტირება ედება. გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. 14 ივლისს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დააზუსტა, რომ ნარკოტიკი ავღანეთიდან მოდიოდა და სარეალიზაციო სივრცედ, სავარაუდოდ, ევროპა განიხილებოდა. ეს მარშრუტი უცხო არ არის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურებისთვის, მაგალითად, ნარკოტიკების გავრცელების თაობაზე სახელმწიფოს დეპარტამენტი თავის ყოველწლიურ ანგარიშში წერს:

“საქართველო არის ტრანზიტი და დანიშნულების მქონე ადგილი სხვა ქვეყნებში წარმოებული უკანონო ნარკოტიკებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი გზა იწყება ავღანეთიდან და ირანიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რომლის დანიშნულების ადგილიც აღმოსავლეთ ევროპაში, თურქეთში ან რუსეთშია. საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ  სატვირთოებს და მანქანებს  ხანდახან ნარკოტიკები სწორედ ამ გზის გამოყენებით გადააქვთ – ტრანზიტი საქართველოში მანამ, სანამ შევლენ თურქეთში, რუსეთში შემდეგ უკრაინაში, მოლოდოვასა და თუ ბულგარეთში. ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს სამართალდამცველი უწყებების კონტროლს გარეთ არიან”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში.

აზერბაიჯანმა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათი გავლით სატვირთომ საქართველოში 3 ტონამდე ნარკოტიკი შეიტანა, უარყო, რაც გარკვეული ეჭვების საფუძვლად შეიძლება იქცეს, თუმცა შს სამინისტროს სიანფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ბაქოს რეაქცია ბუნებრივია:

“რა მოხდა სინამდვილეში, ამას ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, საერთოდ როგორ უნდა იყოს: ის, რომ აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ ჩვენ არაფერი ვიცითო, ბუნებრივია… რომ სცოდნოდათ, თვითონ დაიჭერდნენ. ეს აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი რეაქციაა. რაღაც ეტაპზე გამოძიება აზერბაიჯანს დაუკავშირდება, ოღონდ ეს შეიძლება მოხდეს ერთი კვირის მერე, ერთი თვის მერე იმისდა მიხედვით, როგორ წავა საქართველოში გამოძიება”, – აცხადებს შოთა უტიაშვილი.

 

როგორ გამოიძიებს შსს მასშტაბური ნარკოტრეფიკის ფაქტს?

საქართველოსთვის რეკორდული ოდენობის ჰეროინის აღმოჩენის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალები ამ დრომდე სრულიად უცნობია. შსს-ს მიერ 11 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა უწყების პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ მუხლს. ნეტგაზეთს ასევე არ უპასუხეს შეკითხვაზე, ჩაერთვება თუ არა გამოძიების პროცესში შესაბამისი საერთაშორისო სააგენტობი თუ ბიუროები: ინტერპოლი, ეფ-ბი-აი და ასე შემდეგ.

“თუ გამოიკვეთება საკითხი, რომ ნარკოტიკი საქართველოს საზღვრების გავლით გადიოდა სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უნდა ჩაერთოს და ერთობლივად უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება. უკეთესი იქნება, რომ გამოძიება მივიდეს იქამდე, თუ სად მიდიოდა ეს გზა, საიდან დაიწყო და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ საქმე სრულყოფილად არ იქნება გამოძიებული. მე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იქნას ჩართული”, – ამბობს კონსტიტუციის 42-ემუხლის იურისტი როლანდ ასაკაშვილი, რომელიც საქართველოში წამალდამოკიდებულთა უფლებების დაცვის პროექტზე მუშაობს.

მისი თქმით, პირველ რიგში, კონტაქტი უნდა დამყარდეს იმ ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საიდანაც ეს ტვირთი წამოვიდა, ასევე საჭიროა ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენა, რათა სრული სურათი შეიკრას:

“[ქვეყნებს შორის] ურთიერთდახმარების თემა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც არის გათვალისიწინებული, რომ რომელიმე ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას დაევალოს შესაბამისი პირების დაკითხვა ამ საკითხზე და ბოლოს დაიდოს დასკვნა – ეს ტვირთი აქ რჩებოდა, თუ სად მიდიოდა, რომელ ქვეყანაში”.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კონტრნარკოტიკული ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს აშშ-სთან, თურქეთთან, ირანთან, ეგვიპტესთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, ევროპულ ქვეყნებთან და სუამის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ელხან ნაგიევმა სააგენტო Turan-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მათთვის არ მიუმართავთ, ხოლო აზერბაიჯანის სხვა უწყებები, მათ შორის შსს, საბაჟო სამსახური, გენერალური პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში ეფ-ბი-აის თუ სხვა საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოს ჩართვის შესაძლებლობას აღმოჩენილი ტვირთის მასშტაბიდან გამომდინარე, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ უშუალოდ ნარკოტიკებთან დაკავშირებით გასული წლების განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა, თუმცა ამას თავისი ახსნაც აქვს – მსგავსი ოდენობის ჰეროინი საქართველოში პირველად ამოიღეს:

“როგორც წესი, ასეთ დროს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუ ინტეროპოლი ან ეფ-ბი-აი ჩაერთვება და ისინი დაიწყებენ მუშაობას მთლიანი ჯაჭვის ასაწყობად, თორემ ასე მარტო ქართველები თავიდან ბოლომდე ამ საქმეს ვერ გახსნიან. ამერიკელები თუ ჩათვლიან, რომ მნიშვნელოვანი ამბავია, მაშინ ჩაერთვებიან და მერე აზერბაიჯანთანაც მოხდება თანამშრომლობა. აქ მხოლოდ აზერბაიჯანი არ არის, როგორც ჩანს, ეგ [ტვირთი] წამოვიდა: ავღანეთი, ირანი, შუა აზია. თუ ისინი თვითონ ჩათვლიან, რომ მნიშვნელოვანი პარტიაა, ახალი კორიდორია, ან ახალი ადამიანები გამოჩნდნენ და ღირს ამ საქმის გარკვევა, მაშინ ჩაერთვებიან. თვითონ წყვეტენ ამ ამბავს. ნარკოტიკები მაინც ისეთი თემაა, საქართველო ერთ-ერთი შესაძლო ტრანზიტი რომაა, ეგ ყველამ იცის. [გასულ წლებში] ძირითადად ერთვებოდნენ ხოლმე, როდესაც ტრეფიკინის შემთხვევები ან იარაღის განსაკუთრებით რადიოაქტიური მასალების [თემა იყო]. ზუსტად რომ გავიხსენო, ნარკოტიკების შემთხვევაში არ ჩართულან, იმიტომ, რომ ამხელა პარტია არასოდეს ყოფილა”, – ამბობს შოთა უტიაშვილი და დასძენს, რომ მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიების პროცესში საერთაშორისო ორგანოების ჩართვის ვალდებულება არ არსებობს და პროცესში შესაძლო მონაწილეობის საკითხს ეფ-ბი-აიც და ინტერპოლიც თვითონ წყვეტენ.


რა არის თხევადი ჰეროინი

თხევადი სახით ჰეროინი საქართველოსთვის სიახლეა. ნარკოლოგი ზაზა ჩიქოვანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საქმე გვაქვს არა ახალ ნარკოტიკთან, არამედ წყალში გახსნილ ჩვეულებრივ ჰეროინთან, რომელსაც ნარკომაფია იოლად ტრანსპორტირებისა და სამართალდამცავი უწყებებისაგან თავის დაღწევის მიზნით იყენებს:

“აიღეს ჩვეულებრივი ჰეროინი, გახსნეს წყალში, მიიღეს 80-პროცენტიანი ხსნარი, ჩაასხეს თხევადი საპნის ჭურჭელში. [ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ] მოხდებოდა მისი გამოშრობა, ანუ დააკრისტალებდნენ, ისე როგორც მარილს ვიღებთ, წყალს აადუღებდნენ, ააორთქლებდნენ და დარჩებოდა ფხვნილი. თხევადი სახით მისი დაფასოება და რეალიზაცია ტექნიკურად ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მაშინ იმ ჭურჭლიდან ბოთლებში უნდა გადაიტანონ, შემდეგ ფლაკონებში და შპრიცებით გაყიდონ, რა თქმა უნდა, უფრო მოხერხებულია ფხვნილის გაყიდვა”.


თხევადი ჰერიოინი
თხევადი ჰერიოინი

მასალების გადაბეჭდვის წესი