ახალი ამბები

არჩევის იმედი არ აქვთ და სახელის შენარჩუნებას ცდილობენ – ჯანეზაშვილი მოსამართლეების სიაზე

21 იანვარი, 2019 • 1074
არჩევის იმედი არ აქვთ და სახელის შენარჩუნებას ცდილობენ – ჯანეზაშვილი მოსამართლეების სიაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათი სია პარლამენტში კენჭისყრაზე გავიდოდა და ამიტომ მოუწოდეს პარლამენტს განხილვის შეწყვეტისკენ.

როგორც ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ამ გზით “სახელის შენარჩუნება სცადეს” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა:

“ალბათ მოლოდინი არ აქვთ, რომ მათ მიმართ მათთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს სია კენჭისყრაზე გავა.  როგორც ჩანს, სახელს შეინარჩუნებენ, რომ თითქოს თავად გააკეთეს განაცხადი”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, ახლა მნიშვნელოვანია შეიქმნას პროცედურები, რომლებიც კანდიდატების შერჩევის პროცესს სამართლიანს და ღიას გახდის:

“როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, უნდა შემუშავდეს პროცედურები, მაგრამ პროცედურები პროცესის გასალამაზებლად არ უნდა იყოს. ჩვენ პორცედურები კარგი კანდიდატების შესარჩევად გვჭირდება. ისევ მიხეილ ჩინჩალაძე თუ შევარჩიეთ, რა აზრი აქვს დროის ხარჯვას. მაგრამ არ უნდა დავუშვათ. მე პირადად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე და მისნაირი კანდიდატები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, პროცესი საზოგადოების მაღალი ჩართულობით უნდა წარიმართოს და კანდიდატების შერჩევა სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უზენაესი სასამართლოს ჩართულობით უნდა მოხდეს:

“მე ვფიქრობ, შერჩევა უნდა მოხდეს საზოგადოების მაღალი ჩართულობით და ასეთი პროექტი წარვადგინეთ მე და ანა დოლიძემ. სახალხო დამცველი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოება და თავად უზენაესი სასამართლო. არ ვიცი, პარლამენტი ამ მოდელს გაიზიარებს თუ არა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს საუკეთესო მოდელია, რათა დასაწყისშივე იყოს საზოგადოების დიდი ჩართულობა”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

ვახუშტი მენაბდე: იუსტიციის საბჭოს 11 წევრი უნდა გადადგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი