ახალი ამბები

ცესკომ მეუფე იაკობისგან განმარტებები მიიღო

14 ივლისი, 2014 • • 1029
ცესკომ მეუფე იაკობისგან განმარტებები მიიღო

მეუფე იაკობმა 6 ივლისს, წინასაარჩევნო პერიოდში, ქადაგების დროს წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა:

 

“რომ მოდიხართ და თავს რომ გვთავაზობთ, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ და ჩამოაყალიბეთ რაღაცა. თუ ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა?.. უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და არჩევანი გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აყარეს ერს, უარი უნდა ეთქვას”.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს განცხადება არის წინასაარჩევნო აგიტაცია, რასაც საარჩევნო კოდექსი უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს, მოცემულ შემთხვევაში კი, “ქორეპისკოპოსი აღქმული უნდა იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიას წარმომადგენლად”, – მიიჩნევენ არასამთავრობოები, რომლებმაც ცესკოს სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

 

9 ივლისს ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ დაიწყეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება და საკუთარი აზრის წერილობით დაფიქსირებისთვის მიმართეს ქორეპისკოპოსს, რომელსაც იგი 5 დღის ვადაში უნდა წარედგინა. როგორც ცესკოში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, მეუფე იაკობისგან პასუხი უკვე მიიღეს და უწყება ერთი თვის ვადაში მიიღებს შესაბამიდ გადაწყვეტილებას:

 

“ერთი თვის ვადა აქვს ცესკოს, რათა ამ საკითხზე იმსჯელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. რა პასუხი მოიწერა მეუფემ, ამას ვერ გეტყვით, ჯერ ცესკოს არ უმსჯელია ამის შესახებ და თან ძირითადად სამართლებრივ საკითხებზეა იქ საუბარი და შინაარსობრივად მოყოლას აზრი არ აქვს,”– უთხრა ეკა აზარაშვილმა “ნეტგაზეთს”.

 

საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობისთვის.

ეპისკოპოსი იაკობი
ეპისკოპოსი იაკობი

მასალების გადაბეჭდვის წესი