ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” 30 590 ლარით დაჯარიმდა ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობის გამო

19 იანვარი, 2019 • 5197
“პატრიოტთა ალიანსი” 30 590 ლარით დაჯარიმდა ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობის გამო

თბილისის საქალაქო სასამართლომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 30 590 ლარით დააჯარიმა.  სასამართლომ პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი  ბროშურები იმ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის, უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ თავად “პატრიოტთა ალიანსში”, რომელმაც ის სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.  პარტიის ერთ–ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე “ნეტგაზეტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ფლაერები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო იყო და ზურაბიშვილისთვის პირდაპირ მხარდაჭერას არ წარმოადგენდა.

“ეს შეეხებოდა ჩვენს აქციას, რომელზეც დავარიგეთ მოსაწვევი ბარათები, სადაც იყო წარწერა “არა ნაცმოძრაობას” და ეს ჩათვალა აუდიტის სამსახურმა მეორე კანდიდატის მხარდამჭერ აქციად. ჩვენ გვქონდა ცალსახად გამოკვეთილი, რომ ეს იყო “არა ნაციონალურ მოძრაობას” და ამ ეგიდით შევკრიბეთ ხალხი. ჩვენ არ ვთვლიდით, რომ ეს იყო პირდაპირ მეორე კანდიდატის მხარდაჭერის გამოხატულება”, – აღნიშნა გოჩა თევდორაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა. უწყება “პატრიოტთა ალიანსისთვის”, რომელმაც ბროშურების დასაბეჭდად 15 295 ლარი გადაიხადა, ორმაგი თანხის დაკისრებას ითხოვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი