ახალი ამბები

“აფეთქება ბავშვებიანი ოჯახის გვერდით ბინაში მოხდა” – რას ჰყვება მეზობელი

17 იანვარი, 2019 • 13280
“აფეთქება ბავშვებიანი ოჯახის გვერდით ბინაში მოხდა” – რას ჰყვება მეზობელი

მთავარ ფოტოზე 16 იანვრის აფეთქებისას დაღუპულები. მარცხნიდან: ნინო ციცვიძე, ნათია ციცვიძე დაღუპულ შვილთან ერთად და ლევან დავლაძე.

ილია ბუზალაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც 16 იანვარს თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას შეესწრო.

“საღამოს ლიფტში შევედი ერთ ახალგაზრდა კაცთან ერთად. ლიფტში საშინელი გაზის სუნი იყო. ვიცოდი, რომ გაზის სუნი კორპუსში დღისითაც იყო და ვიფიქრე, რომ ეს იქიდან იყო დარჩენილი. კაცი, რომელთან ერთადაც ლიფტში შევედი, მეექვსე სართულზე ჩამოვიდა. მე -მეცხრე სართულზე. როგორც კი გამოვედი ლიფტიდან, ამ დროს გაისმა აფეთქების ხმა და ნანგრევები ზედ დამეყარა”, – ნეტგაზეთთან საუბრისას შემთხვევას ასე იხსენებს ილია ბუზალაძე. მისი თქმით, ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეექვსე სართულზე ლიფტიდან გავიდა, აღნიშნულ კორპუსში არ ცხოვრობდა.

“როგორც ვიცი, მეგობრის დაკეტილ ბინაში მივიდა რაღაც ნივთის ასაღებად. როგორც კი შევიდა ბინაში, სავარაუდოდ, შუქი აანთო, რასაც მოჰყვა აფეთქება”, – ამბობს ილია ბუზალაძე. მის ვარაუდს ამყარებს მოვლენათა ქრონოლოგია – სანამ ილია ბუზალაძე ლიფტით მეცხრეზე ავიდა, აღნიშნული ახალგაზრდა დროის ამ მონაკვეთში მეექვსე სართულზე განთავსებულ დაკეტილ ბინაში უნდა შესულიყო. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ თუ გაზი იმ ბინაში იყო დაგროვილი, სადაც ბავშვი დაიღუპა, იქ მყოფებს აირის მძაფრი სუნი უნდა ეგრძნოთ.

“აფეთქება ბავშვებიანი ოჯახის მეზობლის ბინაში მოხდა. კარის მეზობლები იყვნენ, ერთი კედელი ჰყოფდათ. მე როგორც ვიცი, ეს ბინა იყო გარემონტებული, თუმცა აფეთქების მომენტში იქ არავინ იმყოფებოდა და სწორედ ამ ახალგაზრდა კაცის შესვლისთანავე აფეთქდა”, – ამბობს ილია ბუზალაძე.

ახალგაზრდა კაცი, რომელზეც ილია ბუზალაძე საუბრობს, ლევან დავლაძეა. ის აფეთქებული კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

რაც შეეხება სხვა გარდაცვლილებს, აფეთქებას ემსხვერპლნენ ნათია ციცვიძე და მისი მცირეწლოვანი შვილი, ასევე, ნათიას და, ნინო ციცვიძე, რომლიც მასთან სტუმრად იყო მისული. აფეთქების დროს ბინაში იმყოფებოდნენ ნათიას კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი და ქმარი. ისინი გადარჩნენ. ერთ ბავშვს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა – 6 ბავშვი და 2 ზრდასრული, თუმცა ერთი ბავშვის გარდა საავადმყოფო ყველამ დატოვა. ექიმების ცნობით, მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები და ემოციური შოკი აღენიშნებოდათ.

საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” ადგილზე მისულმა წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი