ახალი ამბები

ენერგომატარებლების შეყვანა ექსპლუატაციაში მიღების პირდაპირი ნაწილი არაა – მერის მოადგილე

17 იანვარი, 2019 •
ენერგომატარებლების შეყვანა ექსპლუატაციაში მიღების პირდაპირი ნაწილი არაა – მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი, “ტვ პირველთან” საუბრისას ადასტურებს, რომ დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსი მერიის მიერ მართლაც არ ყოფილა ექსპლუატაციაში მიღებული. თუმცა ინტერვიუში ასევე დასძენს, რომ ექსპლუტაციაში მიღება და საცხოვრებელი ინფრასტურუქტურის არსებობა ერთმანეთს არ უდრის.

ილია ელოშვილი ამბობს, რომ ენერგომატარებლების- წყლის, ელ. ენერგიის თუ გაზის- კორპუსში შეყვანა ექსპლუტაციაში მიღების პირდაპირი ნაწილი არ არის. ამ პროცედურის სტანდარტების დაცვას კი მშენებელს სემეკი სთხოვს.

“რაც შეეხება ექპლუატაციაში მიღებას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისგან. ექსპლუატაციაში მიღება – ეს არის საბოლოო აქტი მერიის მხირდან, სადაც მოწმდება სანებართვო პირობებთან შესაბამისობა. ენერგომატარებლების შეყვანა ცალკე განყენებული საგანია, რომელიც ექსპლუატაციაში მიღების პირდაპირი ნაწილი არაა, შესბამისად, თითოეული ენერგომატარებლის, წყლის, დენის თუ გაზის, შეყვანა ექსპლუატაციაში მიღებამდე შესაძლებელია.

ასევე, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროექტები, კომპანიების მიერ შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშენებელს მოეთხოვება მკაცრად სემეკის მიერ, ამიტომ დაკავშირება ექსპლუატაციის მიღებასა და იმასთან, რომ იქ არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურა, სადაც მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში, შეეძლო, რომ ეცხოვრა, არ არის სწორი,” – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ პირველადი ინფორმაცია არსებობს და მიზეზების შესახებ ცალსახად საუბარი შეუძლებელია. ელოშვილი დასძენს, რომ არსებობს “საკმაოდ უცნაური გარემოებები” გაზის ამ რაოდენობის დაგროვებასთან დაკავშირებით. ელოშვილი ამბობს, რომ კითხვებს აჩენს, თუ რა იყო კერა, ან რამ გამოიწვია ლიფტის შახტში ასეთი დაზიანებები.

მერის მოადგილე ამბობს, რომ ყველა გარემოების შესასწავლად საჭიროა კვალიფიციური ექსპერტიზა, რომელიც გამოძიების ფარგლებში ტარდება. ელოშვილი ტელეკომპანიასთან საუბარში ადასტურებს, რომ კორპუსში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები მართლაც იყვნენ, მაგრამ, თუ რატომ ვერ აღმოაჩინეს დაზიანება, ამაზე პასუხს გამოძიება გასცემს.

“რაც შეეხება იმას, თუ რატომ ცხოვრობდა მოსახლეობა მანამდე, სანამ შენობა ექსპლუატაციაში იყო მიღებული, ასევე ექსპლუტაციაში მიღება პირდაპირ არ უკავშირდება ფუნქციონირებას. კანონი არ კრძალავს ამას, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ შესახლება ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ყველა პროცეუდრის დასრულების შემდეგ მოხდეს,” – ამბობს ილია ელოშვილი.

მისივე თქმით, კანონი ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შესაძლებლობას იმიტომ იძლევა, რომ ამ პროცედურაში მცირედი გადახვევაც კი გაჭიანურებას იწვევს, მოსახლეობას კი ხშირად სჭირდება საცხოვრებელი. შესაბამისად, ისინი იღებენ შესვლის გადაწყვეტილებას.

ელოშვილის თქმით, თუ მერია დაინახავს, რომ ეს პრაქტიკა საფრთხის შემცველია, ისინი კანონმდებლობას გადახედავენ.

რაც შეეხება “ყაზტრანსგაზს”, მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ კომპანიას, რომელიც საშუალო და მაღალ წნევებზე მუშაობს, ინფრასტურქურა მრიცხველამდე მიჰყავს, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, კომპანია გაზს კორპუსში შეიყვანდა.

“.. მაგრამ მრიცხველის იქით დაშვებულია სხვა კომპანიების მოქმედებაც. ჩვენს პრაქტიკაში ეს არის ძირითადი პრობლემა. მე არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ვინაიდან მხოლოდ გამოძიების შემდეგ გახდება საჯარო, თუ ვინ დაუშვა შეცდომა და ვინ დაამონტაჟა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მრიცხველებს კუსტარული და არაკვალიფიციური კომპანიები ამონტაჟებენ.

ზოგადად, კანონმდებლობა აძლევს საშუალებას კომპანიას, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, შეასრულოს ეს საქმიანობა. თუმცა, ჩვენც და “ყაზტრანსგაზიც” მუდმივად ვურჩევთ მოსახლეობას, რომ შიდა ქსელის დამონტაჟებისთვის უმჯობესია მიმართონ “ყაზტრანსგაზს”,” – განმარტავს ილია ელოშვილი.

ილია ელოშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ტრაგედიიდან ყველა მხარემ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდამდე უფრო ხშირი იყო გაზის გაჟონვით გაგუდვები, ახლა კი აფეთქებებიც ხდება. მერის მოადგილე დასძენს, რომ მერია ამ საკითხს სერიოზულად გააანალიზებს და პროცესში ყველანაირად ჩაერთვება.


აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძნობს, დანარჩენი პაციენტები ექიმებმა სახლში გაწერეს.

დაზარალებულთათვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 37 45 31

 საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

მასალების გადაბეჭდვის წესი