ახალი ამბები

სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლების დაუდევრობა — ენერგოომბუდსმენი დიღმის აფეთქებაზე

17 იანვარი, 2019 • 2411
სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლების დაუდევრობა — ენერგოომბუდსმენი დიღმის აფეთქებაზე

ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე, სავარაუდოდ, “იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი”. გაზის კომპანია ყაზტრანსგაზი ჯერჯერობით კითხვებს არ პასუხობს.

16 იანვარს დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 ადამიანმა, რომელთაგან 6 ბავშვია. 5 ბავშვი იაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს, ერთი კი რეანიმაციაში რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში.

შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე (17 იანვარი, 11:00 საათი) არავინ დაუკავებიათ.

ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას ითხოვს “ყასტრანსგაზისგან” და ამბობს, რომ “თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები”. 

აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ 16 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში, გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც კომპანიის წარმომადგენლებმა კორპუსი შეამოწმეს, თუმცა გაჟონვის ადგილი ვერ აღმოაჩინეს. ომბუდსმენის სვამს კითხვას, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. 

“სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც, იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან”, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. 

ნეტგაზეთის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა კომპანია, რომ 16 იანვარს ისინი ნამდვილად გამოიძახეს აფეთქების ადგილის მიმდებარედ და ვერ აღმოაჩინეს გაჟონვა, ყაზტრანსგაზში გვიპასუხეს, რომ ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ ინფორმაციას, მიმდინარეობს გამოძიება და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.


ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის სწორად რეგულირების საჭიროებაზე მიუთითებს:

“მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო”. 

ენერგოომბუსმენის თანახმად, “ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი