ნეტგაზეთი | “სოკარის” განმარტება გაზის გაძვირებაზე არ არის არგუმენტირებული — ენერგოომბუდსმენი “სოკარის” განმარტება გაზის გაძვირებაზე არ არის არგუმენტირებული — ენერგოომბუდსმენი – Netgazeti
RU | GE  

“სოკარის” განმარტება გაზის გაძვირებაზე არ არის არგუმენტირებული — ენერგოომბუდსმენი

“სოკარი”, რომელიც რეგიონებში ოპერირებს, პირველი მარტიდან კომერციულ აბონენტებს გაზის საფასურს უძვირებს.  ენერგოომბუდსმენი უარყოფითად აფასებს კომპანიის ამ გადაწყვეტილებას, ამბობს, რომ ნაბიჯი არ არის საკმარისად არგუმენტირებული  და სფეროს რეგულაციის საჭიროებაზე საუბრობს.

კომერციული აბონენტებისთვის დღეს მოქმედი ტარიფი 84 თეთრია. გაზი 11 თეთრით ძვირდება. გაძვირების მიზეზად სოკარი ლარის კურსსა და განაწილების ტარიფის ცვლილებას ასახელებს.

ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანების საფუძველზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დერეგულირებულია, ანუ მას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) არ ადგენს.

“სამწუხაროდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის დადგენის საქმიანობა არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციაში, რის გამოც ლიცენზიატ კომპანიებს მეტი თავისუფლება ენიჭება ტარიფის განსაზღვრის დროს”, – წერს ენერგოომბუდსმენი.

მის თანახმად, ამ შემთხვევაში, “სოკარის” განცხადება “არ არის საკმარისად არგუმენტირებული და მათ მიერ შემოთავაზებული ტარიფის ოდენობა არ იწვევს ნდობას”.

“აღსანიშნავია, რომ სოკარ ჯორჯია გაზი ემსახურება საქართველოს რეგიონებს, სადაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს წარმოადგენს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა მომხმარებელიც აგრეთვე არის შედარებით დაბალანაზღაურებადი კონტიგენტი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა”, – წერს ომბუდსმენი.

მისი შეფასებით, გაზის ფასის ზრდა “უარყოფითად აისახება რეგიონულ ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე”.

“მიგვაჩნია, რომ გაზის მიწოდების საქმინობა სრულად უნდა იყოს რეგულირებადი და ტარიფების დადგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მიერ, მკაცრად განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით”, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

სოკარი კომერციულ აბონენტებს I მარტიდან გაზს გაუძვირებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com