ახალი ამბები

#დაარეგულირესიცოცხლისთვის – ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

15 იანვარი, 2019 • 6559
#დაარეგულირესიცოცხლისთვის – ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

2019 წლის 14 იანვარს ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ქუთაისიდან 5 კმ-ის მანძილზე) ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა: ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე, გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია.

გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად, 16 იანვარს, 12:00 საათზე, მოქალაქეები ქუთაისის ყინულის მოედანთან შეიკრიბებიან, ხოლო 12:30 საათზე სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობას გამართავენ უბედური შემთხვევის ადგილამდე.

მოქალაქეები მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციების მოითხოვენ იმ უწყებებისგან, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

როგორც აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. მათი განცხადებით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არცერთი ნიშანი.

როგორც ფეისბუკში გაკეთებულ ანონსში ვკითხულობთ, მსვლელობაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილებით, ასევე, ადგილზე მობილიზებული იქნება უფასო ავტობუსი ქვეითებისთვის: “გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 12:30 სთ-ზე დავიძრებით და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას ადგილზე, ყვავილებითა და პოსტერებით.”

მოქალაქეები 13:00 საათზე ტრაგედიის ადგილზე დიდი ბანერის, ყვავილებისა და სანთლების მიტანას აპირებენ. ტრაგედიის ადგილასვე გაკეთდება მათი საგანგებო განცხადება, რომლის შემდეგაც ერთად მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას:

ასე რომ, არ გადავდოთ ეს საქმე – მოვუწოდოთ ყველას, ეს 3 სიცოცხლით სავსე ბიჭი აუცილებლად ბოლო მსხვერპლი უნდა იყოს! ჩვენ არ მოვითმენთ მეტს.”

თუ იზიარებთ აქცია-მსლელობის ორგანიზატორთა მოთხოვნებს, გააზიარეთ ინფორმაცია ჰეშთეგით:  #დაარეგულირესიცოცხლისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი