ახალი ამბები

საპატრიარქოს მოუწოდებენ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიცია დააფიქსიროს

13 იანვარი, 2019 •
საპატრიარქოს მოუწოდებენ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიცია დააფიქსიროს

13 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა და მოუწოდა, დააფიქსირონ ერთიანი პოზიცია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე.

2019 წლის 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. ავტოკეფალიის ტომოსის (სიგელის) გადაცემა დასკვნითი ეტაპია ისტორიული პროცესისა, რომელიც 2018 წელს დაიწყო და კონსტანტინოპოლის მხრიდან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის ცნობას გულისხმოდა.

წინა დღეს კი კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

თუმცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. მიუხედავად ერთიანი პოზიციის არქონისა, 13 იანვარს უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღება მიულოცა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა. რამდენიმე დღით ადრე კი დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა: “ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია”.

სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

13 იანვარს საპატრიარქოსთან ჩატარებული აქციის საორგანიზაციო ტექსტის თანახმად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა არის “უნიკალური შანსი, რომ მოვიშოროთ რუსულ ორბიტაზე მყოფობის სამარცხვინო იარლიყი”.

“უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა შეუქცევადი პროცესია, ადრე თუ გვიან ყველა ეკლესიას მაინც მოუწევს მისი ცნობა, უბრალოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირებას ლუსტრაციის მნიშვნელობაც ახლავს თან. ფაქტია, საქართველოს საპატრიარქო, როგორც ადრე, ახლაც ყველაფერს აკეთებს, რომ დრო გაწელოს და მოსკოვის პოზიციას არ დაუპირისპირდეს ამ ფონზე, ორმაგად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარი მრევლის პოზიცია და მივუტანოთ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის რამდენიმეენოვანი ტომოსი, რომ “გავუადვილოთ ” გადაწყვეტილების მიღება”, — წერდა აქციის ორგანიზატორი, ვლადიმერ წითლიძე.

აქციის სახელწოდება იყო “ტომოსის კითხვის დღე”, რაც, წითლიძის განმარტებით, შეირჩა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადების საპასუხოდ.

“ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, იქნებ რა წერია ამ ტომოსში, როგორ შეიძლება რომ გამოვხატოთ [პოზიცია] ოფიციალურადჯერ, ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა წინა კვირას.

ამაზე პასუხად, აქტივისტებმა გადაწყვიტეს, ტომოსის ქართულ ენაზე თარგმნილი ტექსტი დაეტოვებინათ საპატრიარქოსთვის.

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს

მასალების გადაბეჭდვის წესი