ახალი ამბები

ფილმ “ჩიტის ყუთით” შთაგონებული თვალახვეული მძღოლი ავტოკატასტროფაში მოყვა

12 იანვარი, 2019 • 3189
ფილმ “ჩიტის ყუთით” შთაგონებული თვალახვეული მძღოლი ავტოკატასტროფაში მოყვა

აშშ-ის შტატ იუტაში 17 წლის მძღოლი, რომელიც თვალებახვეული მართავდა მანქანას, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მძღოლი “ნეტფლიქსის” ფილმ “ჩიტის ყუთით” შთაგონებულ გამოწვევაში, Bird Box Challenge-ში იღებდა მონაწილეობას.

“ჩიტის ყუთი” 2018 წლის ბოლოს გამოსული ფილმია, რომელშიც სანდრა ბულოკი ასრულებს მთავარ როლს. ამ პოსტაპოკალიპტური ფილმის სიუჟეტი სანდრა ბულოკის პერსონაჟის გარშემო ვითარდება. იგი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცდილობს ტყისა და მდინარის თვალახვეულად გადალახვას;

პერსონაჟები თვალების ახვევით თავს არიდებენ ზებუნებრივი ქმნილებების შეხედვას — ვინც მათ დაინახავს, თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს;

აშშ-ში მომხდარი ამ ფაქტის შესახებ ქალაქ ლეიტონის პოლიციამ დაწერა ტვიტერზე. პოლიციამ შეჯახებული მანქანების ფოტოები გამოაქვეყნა ტექსტით: “ბერდ ბოქს ჩელენჯი მანქანის ტარებისას… მოსალოდნელი შედეგია’…

გამოშვების პირველივე კვირაში “ჩიტის ყუთი” ლეგალურად ნეტფლიქსის 45-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა.

წინა კვირას, — მას შემდეგ, რაც ფილმით შთაგონებულმა მაყურებელმა მასობრივად დაიწყო ყოველდღიური საქმეების თვალახვეულად კეთება “ჩელენჯის” (გამოწვევის) გამო, ნეტქლიქსმა მაყურებლები გააფრთხილა, ასეთ გამოწვევებში მონაწილეობას ნუ მიიღებთო.

“არ მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ: გთხოვთ, ნუ დაუშავებთ რაიმეს საკუთარ თავს “ბერდ ბოქს ჩელენჯით”. არ ვიცით, ეს როგორ დაიწყო, და კი ვიზიარებთ სიყვარულს [რასაც ფილმის მიმართ გამოხატავთ], მაგრამ ბიჭსა და გოგოს [ასე უწოდებენ ბულოკის შვილებს ფილმში] მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ 2019 წლისთვის — ნუ ამოყოფთ თავს საავადმყოფოებში მემეების გამო”, – დატვიტა ნეტფლიქსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი