ახალი ამბები

გაფრინდაშვილი ნეტფლიქსს უჩივის “სექსიზმისა” და რუსად მოხსენიებისთვის

17 სექტემბერი, 2021 • 4235
გაფრინდაშვილი ნეტფლიქსს უჩივის “სექსიზმისა” და რუსად მოხსენიებისთვის

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი “ნეტფლიქსს” უჩივის სერიალში “The Queen’s Gambit”(ლაზიერის გამბიტი) მასთან დაკავშირებით გახმიანებული რეპლიკების გამო. ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება.

სერიალის სიუჟეტი, რომელიც 1983 წლის რომანს ეფუძნება, ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ბავშვთა სახლში გაზრდილი ჰარმონი ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს რუსეთის საუკეთესო მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ და პრობლემაც აქ იწყება. ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს:

“ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც [მოთამაშეებს]”.

კალიფორნიის შტატის სასამართლოში ნონა გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა. The Hollywood Reporter-ის თანახმად, სარჩელში აღნიშნულია, რომ “მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც [მოთამაშეებს], აშკარა სიცრუეა, ასევე, უხეშად სექსისტური და დამამცირებელი”.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული მინიმუმ 59 კაცთან, მათ შორის, 10 დიდოსტატთან.

“ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა “გაეზარდა დრამა” და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია”, – ციტირებს გამოცემა სარჩელს.

თუმცა, ეს არ არის სარჩელის ერთადერთი საფუძველი.

“…ნეტფლიქსმა გაფრინდაშვილი მოიხსენია რუსად, მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ის ქართველია და ქართველები განიცდიდნენ რუსეთის ბატონობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემდგომ იყვნენ დაჩაგრულნი და დაპყრობილნი რუსეთის მიერ”, – ვკითხულობთ სარჩელში.

გაფრინდაშვილი, კომპენსაციის სახით, $5 მილიონს ითხოვს. მას ასევე სურს, ჩაიხსნას რეპლიკა, თითქოს ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, სარჩელს უკვე უპასუხა “ნეტფქლისმა”. კომპანიის თქმით, უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.

ფოტო გარეკანზე: Stanley Sherman/Hulton Archive, via Getty Images/NY Times

მასალების გადაბეჭდვის წესი